კალათბურთი

14:47 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯომი“ მეექვსე წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორია

მინერალური წყალი „ბორჯომი“ უკვე მეექვსე წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორია. დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია ქალაქ ბორჯომში გაიმართა და მას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც ესწრებოდა. თავდაპირველად, სტუმრები ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ და მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლის წარმოების პროცესს გაეცნენ, რის შემდეგაც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ღონისძებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები: ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, ანატოლი ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი, ნიკა მეტრეველი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შარაბიძე, ბესიკ ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, გიორგი გოგობერიშვილი და ასევე მწვრთნელები კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ესწრებოდნენ. მემორანდუმის თანახმად, “ბორჯომი“ 2016 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების პარტნიორი იქნება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: “ეს არის სახელმწიფოს, ფედერაციის და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი სპორტსმენების წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია “ბორჯომს” და მის ხელმძღვანელებს. მათ არა მარტო კალათბურთისთვის, არამედ ზოგადად ქართული სპორტისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აქვთ გაკეთებული. გვჯერა, რომ ქართველი კლათბურთელები მომავალში არაერთი გამარჯვებით გაგვახარებენ. წარმატებას ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს“.

ზაზა კიკვაძე, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორი: “ბორჯომის“ ბრენდი საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია და გარკვეულწილად ვალდებულებადაც კი ვთვლით თავს, რომ გვერდში დავუდგეთ გუნდს, რომელიც ჩვენი ბრენდის მსგავსად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას მთელს მსოფლიოში. მიხარია, რომ დღეს ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში, პირადად ვმასპინძლობ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ჩვენს საამაყო კალათბურთელებს. მინდა, წარმატება ვუსურვო მათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველანი ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს“.

მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: “საერთაშორისო ასპარეზზე “ბორჯომის” მინერალური წყალი ყოველთვის საქართველოს სახელთან ასოცირდება, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ ეს ცნობილი კომპანია კვლავ ჩვენი გენერალური პარტნიორი იქნება. იმედი გვაქვს, კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ნაკრები ქართულ ბრენდთან ერთად კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს მთელ ევროპაში”.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები იქნებიან. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის, რის შემდეგაც 3 სექტემბერს სლოვაკეთში ითამაშებს, ხოლო 7-ში მონტენეგროს უმასპინძლებს.

შესარჩევი ეტაპის მეორე წრეში ქართველები 10 სექტემბერს ალბანეთში ითამაშებენ, 14-ში სლოვაკეთს უმასპინძლებენ, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩს 17 სექტემბერს მონტენეგროში გამართავენ. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირი გზით მოიპოვებს ევრობასკეტ 2017-ის საგზურს, ხოლო შესარჩევი ეტაპის 7 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060449