ბოლნისის “სიონმა” პირველი ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანის “გაბალასთან” გამართა და 0:4 დამარცხდა.
ბოლნისელებმა ახალი სეზონისთვის მზადება ხუთი დღის წინ დაიწყეს. გუნდში რამდენიმე ახალწვეულია და არცაა გასაკვირი, რომ ფეხბურთელებს შეთამაშება აკლიათ, რაც გუშინდელ მატჩში კარგად გამოჩნდა. აზერბაიჯანელები კი, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების მეორე ეტაპს გადიან.
ბოლნისელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, არმაზ ჯელაძემ ახალწვეულებთან ერთად დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებიც ათამაშა. გარკვეული მიზეზების გამო, მთავარმა მწვრთნელმა დაჩი ფოფხაძე და გიორგი ვასაძე დაასვენა. ტრავმის გამო, ვერ ითამაშეს ზვიად ლობჯანიძემ და ახალწვეულმა გიორგი ჯანელიძემ.
“სიონი” აზერბაიჯანულ გუნდთან კიდევ ერთხელ ისპარინგებს. შეხვედრა 26 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.