ჭიდაობა

22:03 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზოიძე და პატარიძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ჩხარტიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ, დავით ჩხარტიშვილმა (55) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გურამ ხეცურიანს (84) კი მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში რამაზ ზოიძემ (66) ფინალამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა. მან ევროპის მოქმედ ჩემპიონ თურქ მურატ ფირატს 5:29 წუთში წმინდად მოუგო, რუმინელი ემანუელ პალი 4:28 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11:3 დაამარცხა, შემდეგ რუს გლებ ბატიანინს 5:5-ზე სძლია, ბულგარელი დევიდ დიმიტროვი კი, ორი 4-ქულიანი გდებით 26 წამში 8:0 დაამარცხა.

ფინალში ზოიძემ 4:21 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით უკრაინელ პავრიზ ნასიბოვს 10:0 სძლია და ახალგაზრდებში ევროპულ ოქროს პირველად დაეუფლა.

წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული ზვიად პატარიძემ (120). ქართველი მძიმეწონოსანი ევროპული ოქროს მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა – ახალგაზრდებში 2015, 2016 წლებში, ხოლო ჭაბუკებში 2014 წელს.

საფინალო გზაზე პატარიძემ სამი მეტოქე ჩამოიშორა. მან რუმინელ ისტვან ბერეის 1:51 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9:0 სძლია, 17 წამი დასჭირდა პოლონელი რაფაელ პლოვიეჩის წმინდად დასამარცხებლად, ნახევარფინალში კი 5:0 მოუგო თურქ ოსმან ილდირიმს. ფინალში ზვიადმა რუსი ნიკოლაი იზმაილოვი 5:0 დაამარცხა.

დავით ჩხარტიშვილმა (55) 3:25 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9:0 დაამარცხა პოლონელი იაკუბ სციეგლინსკი, მომდევნო შეხვედრაში 5:1-ს ამარცხებდა მომავალ ფინალისტ აზერბაიჯანელ ნოფალ ბაბაევს, თუმცა შეხვდრის მიწურულს გდებაზე მოყვა და დამარცხდა. დამამშვიდებელ წრეში დათომ თურქ ეკრემ ოზტურკს 12:5 მოუგო, ბრინჯაოსთვის მედლისთვის კი ოზურგეთელმა ფალავანმა მასპინძელი თეოდორ ჰორატაუ 2:24 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9:1 დაამარცხა.

ნახევარფინალამდე სამ შეხვედრაში გაიმარჯვა გურამ ხეცურიანმა (84). მან შვეიცარიელი სამუელ შერერი 6:1 დაამარცხა, უნგრელი ბერტალანა პაპი 2:1 დაჯაბნა, ხოლო ბულგარელი კირილ მილოვი 6:1 დაამარცხა. ხეცურიანი ნახევარფინალში თურქ ალი ჩენგიზს ვერ გაუმკლავდა (2:5), ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი რუს ვლადისლავ კულპასთან დამარცხდა და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112153