ჭიდაობა

18:03 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღე მეორე: 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები.

ტურნირის მეორე დღეს ზაზა სილაგაძის ნაკრების ოთხივე წევრი მედლებისათვის იბრძოლებს. რამაზ ზოიძეს (66) და ზვიად პატარიძეს (120) თითო გამარჯვება აშორებთ ჩემპიონობამდე, ბრინჯაოს მედლებისათვის კი დავით ჩხარტიშვილი (55) და გურამ ხეცურიანი (84) იჭიდავებენ.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში რამაზ ზოიძემ (66) ფინალამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა. მან ევროპის მოქმედ ჩემპიონ თურქ მურატ ფირატს 5:29 წუთში წმინდად მოუგო, რუმინელი ემანუელ პალი 4:28 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11:3 დაამარცხა, შემდეგ რუს გლებ ბატიანინს 5:5-ზე სძლია, ბულგარელი დევიდ დიმიტროვი კი, ორი 4-ქულიანი გდებით 26 წამში 8:0 დაამარცხა. ფინალში ზოიძე უკრაინელ ფავრიზ ნასიბოვს დაეჭიდება.

მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ (120) საფინალო გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა. მან რუმინელ ისტვან ბერეის 1:51 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9:0 სძლია, 17 წამი დასჭირდა პოლონელი რაფაელ პლოვიეჩის წმინდად დასამარცხებლად, ნახევარფინალში კი 5:0 მოუგო თურქ ოსმან ილდირიმს. ფინალში ჩვენებურის მეტოქე რუსი ნიკოლაი იზმაილოვი იქნება.

დავით ჩხარტიშვილმა (55) 3:25 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9:0 დაამარცხა პოლონელი იაკუბ სციეგლინსკი, მომდევნო შეხვედრაში 5:1-ს ამარცხებდა მომავალ ფინალისტ აზერბაიჯანელ ნოფალ ბაბაევს, თუმცა შეხვდრის მიწურულს გდებაზე მოყვა და დამარცხდა. დამამშვიდებელ წრეში დათომ თურქ ეკრემ ოზტურკს 12:5 მოუგო და ბრინჯაოსთვის მედლისთვის რუმინელ თეოდორ ჰორატაუს დაეჭიდება.

ნახევარფინალამდე სამ შეხვედრაში გაიმარჯვა გურამ ხეცურიანმა (84). მან შვეიცარიელი სამუელ შერერი 6:1 დაამარცხა, უნგრელი ბერტალანა პაპი 2:1 დაჯაბნა, ხოლო ბულგარელი კირილ მილოვი 6:1 დაამარცხა. ხეცურიანი ნახევარფინალში თურქ ალი ჩენგიზს ვერ გაუმკლავდა (2:5) და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუს ვლადისლავ კულპას გაეჯიბრება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ბმული

https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-junior-1

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113567