ჭადრაკი

10:56 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყველა პრიზი კარლსენმა წაიღო

დასრულდა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის 2016 წლის გრან პრის გათამაშების მორიგი ეტაპი, რომელიც სწრაფ ჭადრაკში ჩატარდა და ორი რაუნდისაგან, რაპიდისა და ბლიცისაგან შედგებოდა. რაპიდს პარიზმა(საფრანგეთი), ხოლო ბლიცს ლიოვენმა (ბელგია) უმასპინძლა.

აღნიშნულ ეტაპზე პლანეტის ათი წამყვანი მოჭადრაკე მაგნუს კარლსენი(ნორვეგია), ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი), ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი), ვლადიმერ კრამნიკი(რუსეთი), ფაბიანო კარუანა(აშშ), ანიშ გირი(ჰოლანდია), ჰიკარუ ნაკამურა(აშშ), უესლი სო(აშშ), მაქსიმ ვაშიე ლაგრავი(საფრანგეთი) და ლევონ არონიანი(სომხეთი) მონაწილეობდნენ. ტურნირის ორგანიზატორებმა სამი პრიზი დააწესეს, რომლებიც რაპიდსა და ბლიცში გამარჯვებულებთან ერთად საერთო ჯამში ნაჩვენები საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკისათვის იყო განკუთვნილი.

სამივე პრიზი ოსლოში გაემგზავრა და კარლსენის მიერ ბოლო დროს ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე ამაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. იგი თანამედროვე მოჭადრაკეებზე ერთი თავით მაღლა დგას. მსოფლიო ჩემპიონმა პირველი ადგილი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ნაკამურასა და სოს ექვსი ქულით გაუსწრო.

2016 წლის გრან პრის გათამაშების მომდევნო ეტაპს, 4 – 16 აგვისტოს ქალაქი სენტ ლუისი(აშშ) უმასპინძლებს. ამჯერად ტურნირი კლასიკურ ჭადრაკში ჩატარდება.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა და მოჭადრაკეთა მიერ პრიზის სახით მოპოვებული თანხის რაოდენობა:

1 - კარლსენი - 23.0 ქულა, 67 000 აშშ დოლარი

2-3. ნაკამურა, სო - 17.0-17.0, 45 000-45 000

4 - არონიანი - 14.0, 30 000

5 - ვაშიე ლაგრავი - 13.0, 22 500

6 - კარუანა - 9.0, 22 500

7 - გირი - 7.5, 15 000

8 - ანანდი - 7.0, 15 000

9 - კრამნიკი - 6.5, 15 000

10 - ტოპალოვი - 3.0, 15 000

0.117202