ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაებმება, მისი პირველი მეტოქე კი უკრაინელი დენის მოლჩანოვი იქნება. აქვე ვთქვათ, რომ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 105-ე ადგილზეა, მოლჩანოვი კი – 287-ე, ამდენად, ქართველი ფავორიტად მოიაზრება.
საერთოდაც, კვალიფიკაციაში მე-3 განთესვის მქონე ბასილაშვილს ცუდი წილისყრა ნამდვილად არ შეხვედრია. გამარჯვების შემთხვევაში, მას ჭიდილი ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს და არგენტინელ ტომას ლიპოვსეკ პუჩესის წყვილში უმჯობესთან მოუწევს, დიდად გამორჩეული კი არც ბადის მის ნაწილში მყოფი მე-2 ოთხეულის წევრები არიან: გრეგ ზემლია (სლოვენია), ლუკა ვანი (იტალია), ტრისტან ლამასინე (საფრანგეთი) და საკეტ მინემი (ინდოეთი, 30-ე).
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ უიმბლდონზე ბასილაშვილმა ჯამში 5 მატჩის მოგება მოახერხა, ამდენად, ქულათა დიდი რაოდენობა აქვს დასაცავი. ნიკოლოზმა 3 გამარჯვება კვალიფიკაციაში მიითვალა, შემდეგ კი, ძირითად ბადეში არგენტინელ ფაკუნდო ბანისს და ესპანელ ფელისიანო ლოპესს სძლია და მხოლოდ მე-3 წრეში დამარცხდა კიდევ ერთ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან.