სხვა

2:15 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ვნებათაღელვა

რიოს ოლიმპიური თამაშების წინ საერთაშორისო სპორტში ძალზე მნიშვნელოვანი ამბები ხდება, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სპორტსმენების შესაძლო დისკვალიფიკაციას უკავშირდება.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) საბჭომ უკვე მიიღო ერთსულოვანი უარყოფითი გადაწყვეტილება რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისთვის IAAF-ის წევრის სტატუსის აღდგენის და რუსი სპორტსმენების 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების თაობაზე.

IAAF-ის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ განაცხადა, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, რუსულმა მხარემ არ შეასრულა დოპინგის მასობრივი გამოყენების აღმოსაფხვრელად ნაკისრი ძირითადი ვალდებულებები და ქვეყანაში კვლავ მოქმედებს სადოპინგო სისტემა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითოეული რუსი მძლეოსნის კეთილსინდისიერებას.

“ჩვენ მივიღეთ მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, თოთქოსდა უსამართლოა “სუფთა” სპორტსმენების მიმართ. მე მინდა ძალიან ნათლად განვმარტო ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ და შევაფასეთ ის სისტემა, რომლის მიერ დამკვიდრებული წესებით და კულტურით ასპარეზობენ რუსი სპორტსმენები.

ეს არის გაფუჭებული სისტემა და ჩრდილს აყენებს თითოეულ ათლეტს, რადგანაც ისინი ამ სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. დამოუკიდებელმა საინსპექციო ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომელიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ რუსეთში მოქმედი სისტემა არ აღიარებს სპორტში მოქმედ უმთავრეს პრინციპს – სპორტსმენების დაცვას, კონკურენციისთვის უსაფრთხო და “სუფთა” გარემოს შექმნას”, - აცხადებს სებასტიან კოე.

IAAF-მა თავისი მკაცრი ვერდიქტი უკვე გამოიტანა, ახლა კი მთელი სპორტული სამყარო დიდი ინტერესთ ელოდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) საბოლოო გადაწყვეტილებას. სოკ-ი 21 ივნისს ჟენევაში მართავს საგანგებო სხდომას, სადაც იმსჯელებენ ოლიმპიადაზე რუსეთის მთლიანი სპორტული დელეგაციის, ასევე სოკ-ის დროშის ქვეშ ცალკეული სპორტსმენების დაშვება-არდაშვების საკითხზე.

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო დაუყოვნებლივ გამოეხმაურა IAAF-ის გადაწყვეტილებას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დოპინგთან პრინციპულ ბრძოლაში: “სოკ-ი მიესალმება და მხარს უჭერს IAAF-ის ძლიერ პოზიციას დოპინგთან ბრძოლის საქმეში. ის თანხვედრაშია ჩვენს მიერ დეკლარირებულ პოზიციასთან, რაც გულისხმობს დოპინგის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას.

კომიტეტმა ცნობად მიიღო IAAF-ის გადაწყვეტილება, სამუშაო ჯგუფის მოხსენება და რეკომენდაციები. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო მთლიანად იზიარებს IAAF-ის პოზიციას. ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრებაზე, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა შერჩევის კრიტერიუმს განსაზღვრავს თავად შესაბამისი საერთაშორისო ფედერაცია”, - ნათქვამია სოკ-ის პრეს-რელიზში.

www.geonoc.org.ge

0.122137