ზუსტად 20 წლის თავზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი “სამტრედია” ევროპულ სარბიელს უბრუნდება. თუ ადრე, მაკედონიური “ვარდარი” იყო, ამჯერზე იმერულ გუნდს თამაში აზერბაიჯანულ “გაბალასთან” მოუწევს. პირველი მატჩი ჩვენს მეზობლად 30 ივნისს გაიმართება, ხოლო საპასუხო ერთ კვირაში, ზესტაფონში.
და მაინც, რას წარმოადგენს საფეხბურთო კლუბი “გაბალა”? – კლუბი სულ რაღაც 10-წლიან ისტორიას იტევს. იგი 2005 წლის 1 სექტემბერს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ის შეძლო, რომ 2014 წელს აზერბაიჯანის თასის ფინალში გავიდა. თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას მაინც შარშან მიაღწია, როცა ევროპა ლიგაზე მიჯრით ოთხი ეტაპი გაიარა და არც მეტი, არც ნაკლები ჯგუფურ ეტაპზე შეაღწია, სადაც ისეთ გუნდებს შეხვდა, როგორებიც დორტმუნდის “ბორუსია”, “კრასნოდარი” და სალონიკის “პაოკია”. ხსენებული 6 თამაშიდან აზერბაიჯანელებმა ორ ფრეს მიაღწიეს და ორჯერვე ბერძნებთან (0:0, 0:0).
საკვალიფიკაციო ეტაპი კი “გაბალამ” მაშინაც ქართული გუნდით დაიწყო – “დინამოს” შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თბილისში 1:2 წააგო, მერე შინ 2:0 გვძლია და მწარე რეალობის წინაშე კიდევ ერთხელ დაგვაყენა. მერე “გაბალამ” საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გზას სერბული “ჩუკარიჩკი”, კვიპროსული “აპოლონი” და თვით ათენის “პანათინაიკოსი” გაუყენა. მოკლედ, ამ გუნდს ევროსარბიელზე საკმაო გამოცდილება აქვს და ვერაფრით ვიტყვით, რომ “სამტრედიას” რამეში გაუმართლა.
შემადგენლობა
“გაბალა” ფინანსურად საკმაოდ წელში გამართულია და შესაბამისად, შემადგენლობაშიც საკმაოდ მრავლად არიან მაღალი დონის ფეხბურთელები. უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი ალექსეი გაი, ბრაზილიელი რიკარდინიო, ბოსნიის ნაკრების წევრი ერმინ ზეკი და ესტონელი სერგეი ჟენიოვი. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა შარშან “დინამოს” კარის აღებაც შეძლო. აზერბაიჯანელთა შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებელია. ამასთან, გუნდში ახალწვეულებიც არიან, მათ შორისაა საქართველოს ნაკრების მოთამაშე, ბაქოს “ინტერის” ყოფილი წევრი ნიკა კვეკვესკირი. რომელმაც სამი დღის წინ, თბილისში, გორის “დილასთან” საკონტორლო მატჩში ითამაშა კიდეც.
მთავარი მწვრთნელი – რომან გრიგორჩუკი
51 წლის გამოცდილი სპეციალისტი, რომელმაც “გაბალა” 2014 წლის დეკემბერში ჩაიბარა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. გრიგორჩუკმა “სამტრედიას” შესახებ უკვე ისაუბრა, თუმცა ბევრი ვერაფერი. მისი თქმით, უშუალოდ მეტოქეზე წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ იცის, რომ ქართულ გუნდებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.
გრიოგრჩუკი “გაბალამდე” სამშობლოში ზაპოროჟიეს “მეტალურგსა” და ოდესის “ჩერნომორეცს” ავარჯიშებდა, ხოლო კიდევ უფრო ადრე ლატვიურ “დინაბურგსა” და “ვენტსპილსში” მუშაობდა.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა “სამტრედია” ქართული ფეხბურთის სახელით რევანშის აღებას და აზერბაიჯანული “გაბალას” ძლევას...