ფეხბურთი

17:03 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ზიმბრუ” – ერთ დროს მოლდოვაში საუკეთესო

რას წარმოადგენს “ჩიხურას” მეტოქე “ზიმბრუ”? ეს კლუბი ქართველებს ტკბილად არ გვახსენდება, თუმცა ამაზე ქვემოთ.

კლუბი 1947 წელს დაარსდა და თავიდან კიშინიოვის “დინამო” ერქვა, მერე “ბურევესტნიკი”, “მოლდივა”, ”ავინტული” და საბჭოეთის ბოლო 17 წელიწადს უკვე “ნისტრუ”. 1991 წლიდან კლუბს “ზიმბრუ” დაერქვა, მოლდოვური ფეხბურთის ფლაგმანობა გააგრძელა და ზედიზედ ხდებოდა ჩემპიონი.

საბჭოეთის დროს მოლდოვური ფეხბურთის საუკეთესო შედეგი თასის მეოთხედფინალში გასვლა და უმაღლეს ლიგაში მეექვსე ადგილის დაკავება იყო.

“ზიმბრუ” მოლდოვის 8-გზის ჩემპიონია: 1992 წლიდან 2000 წლამდე მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს ვერ შესწვდა ტიტულს, თორემ სულ პირველობდა. 5-ჯერ გავიდა მეორე ადგილზე, ხოლო 4-ჯერ – მესამეზე. 4-ჯერ მოუგია ქვეყნის თასი (ბოლოს 2014 წელს) და 2-ჯერ წაუგია ფინალი.

“ზიმბრუ” მესამე ადგილზე გავიდა მოლდოვის ჩემპიონატში, 16 ქულით ჩამორჩა პირველ და მეორე ადგილსონებს, “შერიფსა” და “დაჩიას”. გუნდის ბომბარდირი გახლდათ პორტუგალიელი რუი მიგელი 9 გოლით. თასზე კი “ზიმბრუ” მეოთხედფინალში შეაჩერეს (“დაჩიასთან” 0:1).

მთავარი მწვრთნელი 39 წლის რუმინელი ფლორიუს სტოიკანი გახლავთ, რომელიც ბუქარესტის “დინამოსაც” თავკაცობდა. სტოიკანი წლეულს მაისში დაინიშნა კიშინიოველთა დამრიგებლად, მან ასევე რუმინელი შტეფან სტოიკა შეცვალა პოსტზე. გუნდმა 6 ივნისს დაიწყო მზადება.

ამხანაგური მატჩი 18 ივნისს გამართეს მოლდოვურ ბელცის “ზარიასთან” და 1:1 დაასრულეს.

“ზიმბრუმ”Bევროტურნირებზე ბოლოს 2014/2015 წლების სეზონში ითამაშა და ევროპის ლიგაზე სამი ეტაპი გაიარა: გამოთიშა ალბანური “შკენდია”, ბულგარეთის ცსკა, ავსტრიული “გრიოდიგი”, ხოლო ფლეი ოფში ბერძნულ პაოკ_თან გავარდა (1:0, 0:4). სხვა დროს, კიშიონიოველებს სამი ეტაპი არასოდეს გაუვლიათ.

კიშინიოვის “ზიმბრუ” მწარედ გვახსოვს ქართველებსაც: 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” სძლია. პირველი შეხვედრა თბილისში 2:1 დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით, მაგრამ მოლდოვაში 2:0 მოიგო “ზიმბრუმ”. იმ დროს “დინამოს” ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი წვრთნიდა.

ისე, “ზიმბრუში” სხვადასხვა დროს რამდენიმე ქართველს უთამაშია, ყველაზე კარგად კი, ნახევარმცველ ლევან გვაზავას: 2000-2003 წლებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

“მწვანე-ყვითლები” უეფას საკლუბო რეიტინგში 313-ე ადგილზე არიან. კლუბს ფინანსურად არცთუ კარგი მდგომარეობა აქვს, ვერც შემადგენლობას აძლიერებს და არასტაბილურობა ეტყობა. ამ ზაფხულის მთავარი შენაძენი კოტდივუარელი ნახევარმცველი მოჰამედ კულიბალია, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის “ფარენსედან” მიიყვანეს.

0.119672