ფეხბურთი

12:49 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას აგენტი “რეალთან” მოლაპარაკების დაწყებას ადასტურებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ მადრიდის “რეალთან” მოლაპარაკების დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. რაიოლას განცხადებით, მისი კლიენტი “სამეფო კლუბში” კარიერის გაგრძელების ვარიანტს განიხილავს.

“ჩვენ მოლაპარაკების ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით. პოლი პატივისცემითაა განწყობილი “რეალისა” და მისი მწვრთნელის ზენედინ ზიდანის მიმართ. რა თქმა უნდა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება, როცა ფეხბურთელს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს” - ციტირებს ესპანური Marca რაიოლას სიტყვებს.

ამავე გამოცემის ცნობით, ტრანსფერის წინააღმდეგი არც “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა იქნება, თუკი პოგბას შეძენის მსურველი კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხას გადაიხდის. საუბარია 140-160 მილიონ ევროზე. ამ დროისთვის ფრანგი ნახევარმცველი ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს და ტურნირის დასრულებამდე ტრანსფერის განხორციელებას არ ელიან, მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში გადასვლა ივლისიდან იგეგმება.

პოგბას გადაბირებით, “რეალის” გარდა, მანჩესტერული კლუბები “იუნაიტედი” და “სიტიც” არიან დაინტერესებულნი.

0.638775