საქართველოს ჩემპიონ დინამო თბილისის რიგებში 27 წლის ნახევარმცველი ბულგარელი სტეფან ველევი და წარმოშობით მარტინიკელი, 28 წლის შემტევი ნახევარმცველი მათიას კურიე იასპარეზებენ. ორივე ფეხბურთელმა დინამოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის ბოლო კლუბი პლოვდივის ლოკომოტივი გახლდათ. მანამდე კი ველევი სოფიის ლევსკის, ბეროე სტარა ზაგორას, ლიუბიმეცის და ლოკომოტივ სტარა ზაგორას რიგებში გამოდიოდა. ბულგარეთის ნაკრებში სტეფან ველევს 7 შეხვედრა აქვს გამართული. ბოლოს, ორიოდე კვირის წინ იაპონიაში გამართულ შეკრებაზე იაპონიისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზა.
მათიას კურიეს ბოლო კლუბი კი ბულგარეთის უმაღლესლიგელი ჩერნო მორე გახლდათ, სადაც 55 ჩატარებულ შეხვედრაში, 16- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. მანამდე კურიე ვალენსიის ჰურაკანში, ატლეტიკო ბალეარესში და ნანტის მეორე გუნდში ასპარეზობდა. მშობლიური მარტინიკის ნაკრებში კი დინამოს ახალწვეულს 6 მატჩი აქვს ჩატარებული.