კალათბურთი

11:48 | 16.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

ცნობილი გახდა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა. ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გუნდში შევიდნენ: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი და მილოშ გრიგოლიევიჩი.

შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების აქამდელმა სამწვრთნელო შტაბმა მთავარ მწვრთნელთან ერთად 2 ცვლილება განიცადა. დავით უსტიაშვილისა და ჯეისონ სტოდტის ადგილები ირაკლი ხოშტარიამ და იურიცა გოლემაცმა დაიკავეს.

ხოშტარია ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგადაა ნაცნობი - ის „დინამო თბილისს“ თავკაცობდა, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. იურიცა გოლემაცი კი გულშემატკივართათვის უფრო კარგად კალათბურთელის კარიერითაა ცნობილი.

39 წლის ხორვატ ცენტრს თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრებში არ უთამაშია. მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და სლოვენიის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი გახლდათ 2003, 2005 და 2007 წლების ევროპის ჩემპიონატებზე. მისი საკლუბო კარიერა კი 1995 წელს ხორვატიულ „ჟრინიევაცში“ დაიწყო და 2013 წელს სლოვენიურ „კრკაში“ დასრულდა. 212 სანტიმერტი სიმაღლის ცენტრი თურქულ, რუსულ, ებრაულ, ბერძნულ, გერმანულ, ხორვატიულ, იტალიურ და ფრანგულ ტოპ-კლუბებში თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერა იურიცა გოლემაცმა 2013 წელს, ხორვატიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ციბონაში“ დაიწყო, რის შემდეგაც ამ გუნდის ასისტენტი მწვრთნელია.

იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო შტაბში მყოფი კოტე ტუღუში, ხორვატი ტიხომირ ბუიანი და სერბი მილოშ გრიგოლიევიჩი მთავარი მწვრთნელის ასისტენტებად დარჩებიან და საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის ამჯერად ილიას ზუროსთან ერთად იმუშავებენ.

www.gbf.ge

0.120918