სხვა

11:33 | 16.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში

ნელნელა თბილისი მსოფლიო ძალოსნობის მექად ყალიბდება. 2015 წელს საქართველოს დედაქალაქმა ევროპის პირველობას უმასპინძლა, რომელიც საყოველთაო აღიარებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო მანამდე გამართულ ანალოგიურ ტურნირებს შორის.

კონტინენტის პირველობის შემდეგ თბილისს უკვე მსოფლიოს პირველობაც ანდეს, ოღონდ ამჯერად იუნიორებს შორის. 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ძალოსნები მოიყრიან თავს და ფიცარნაგზე გაარკვევენ თუ ვინ არის მათ შორის საუკეთესო.

მსოფლიოს ჩემპიონატის სამზადისთან დაკავშირებულ მოვლენებზე საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსნობის ცოცხალი ლეგენდა კახი კახიაშვილი გვესაუბრა:

- როგორ მიმდინაარეობს მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

= მზადება მიდის სრული სვლით, გადასული ვართ დასკვნით ფაზაში, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ რთული ვითარებაა, აუცილებელია ქვეყნისა და ქალაქის უწყებების სრული მობილიზება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ამ საქმეში სრულადაა ჩართული სპორტის სამინისტრო, ამ ურთიერთობებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც სპორტის სამინისტრო ვერ გადაწყვეტს, მაგალითად თუნდაც დენის საკითხი, სკამებია საჭირო, ამიტომ ვთხოვ ყველა უწყებას მხარში დაგვიდგეს და მაღალ დონეზე ჩაგვატარებინონ მსოფლიო ჩემპიონატი. მინდა აღვნიშნო, რომ სპორტული ფედერაციები სრულად არიან მობილიზებულნი, ბევრ მათგანთან გაფორმებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმიც, გვეხმარებიან ყველანაირად, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. 25 ივნისს გახსნის საზეიმო ცერემონიალია, ველით გულშემატკივარს, სპეციალურად მოწყობილი იქნება ქართული სახლი, ველით ფეხბურთის გულშემატკივარსაც, გასაგებია ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და ქართულ სახლში სპეციალურად ამისთვის მონიტორები იქნება დამონტაჟებული. ქართული სახლი ეწყობა მერიის მხარდაჭერით, თბილისს სამოცი ქვეყნის დელეგაცია ესტუმრება და გვინდა სტუმრებს ვასიამოვნოთ არა მარტო წმინდა სპორტული მხარის კარგი ორგანიზებით, არამედ ქართული კულტურითა და სტუმართმოყვარეობით.

- ქართული სტუმართმოყვარეობა ძალოსნობის სამყარომ ერთი წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უკვე გაიცნო.

- რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება იყო იმის წინაპირობა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვენდნენ და ასეთი დიდი ტურნირი გაგვამართინეს.

- ჩემპიონატის დაწყებამდე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესიც არის დაგეგმილი.

- ეს იქნება მიმდინარე წლის ერთადერთი კონგრესი. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტომაშ აიანიმ მთხოვა, რომ ამ კონგრესისთვის სათანადოდ მოვემზადოთ, ვინაიდან კონგრესზე ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომ საქართველო ძალოსნობის ისტორიაში შევა. სწორედ თბილისში იქნება ხელმოწერილი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები. კონგრესს დაესწრება 140 დელეგატზე მეტი და რა თქმა უნდა მათ შორის იქნება ტომაშ აიანიც.

- ბატონო კახი, ახლა მოდით წმინდა სპორტულ მხარესაც შევეხოთ, რა შანსი აქვთ ამ ტურნირზე ქართველ ძალოსნებს?

- რეალური შანსი გვაქვს ავიღოთ ორი ოქრო და რამდენიმე სხვა სინჯის მედალიც, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებშიც. ნაკრები სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ისევ და ისევ აღვნიშნავ სპორტის სამინისტროს დახმარებას.

- შესაძლოა ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს ჩემპიონის მედალი გადაეცეს.

- მოგეხსენებათ, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშამ ვერცხლის მედალი მოიგო, თუმცა სპორტსმენი, რომელმაც ტალახაძეს გაუსწრო, „სუფთა“ არ იყო და ლაშა აღიარეს მსოფლიო ჩემპიონად, სავარაუდოდ გახსნის ცერემონიალზე ქართველ სპორტსმენს ოქროს მედალს გადასცემენ.

ბოლოს გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვთხოვ მობრძანდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ისიამოვნოს ძალოსნობით. გარდა ამისა გავიმეორებ, რომ მოწყობილი იქნება ქართული სახლი, სადაც საფეხბურთო ფანკლუბების წარმომადგენლებიც შეიკრიბებიან. აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრება უფასო იქნება.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია

0.138077