თბილისურ ფიცარნაგზე, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, ქართველთა მთავარი იმედი გიორგი ჩხეიძე იქნება. 19 წლის ქართველი ძალოსანი, როგორც თავად ამბობს საუკეთესო ფორმაშია და შეეცდება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდეს.
ამჟამად, გიორგი ნაკრებთან ერთად ბაზალეთის ძალოსნობის ბაზაზე ემზადება. მან ძალოსნობაში ვარჯიში ზუგდიდში, 10 წლის ასაკში, ბეჟან ჭიჭინაძესთან დაიწყო. თავიდანვე მიიქცია ყურადღება და მალე საქართველოს კადეტთა ნაკრებშიც აღმოჩნდა.
გიორგის აღმასვლა 2014 წელს დაიწყო, როცა კვიპროსის ევროპის ჩემპიონატზე, აკვრაში მესამე ადგილი მოიპოვა. 2015 წელს გიორგი ჩხეიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალიც მოიგო. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯავს ძალებს.
- შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმა მაწუხებდა და მეოთხე ადგილს დავჯერდი. ვფიქრობ, უიღბლობამაც ითამაშა გარკვეული როლი ამ საქმეში. წელს საუკეთესო ფორმაში ვარ. რამდენიმე შეკრება სრულფასოვნად გავიარე. თავს კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევ.
- ანუ 2015 წელს იღბლიანს ვერ დაარქმევდი?
- არა, მთლად ასე თქმაც არ შეიძლება. წარმატებებიც იყო. ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე. მონაწილეობა მივიღე მსოფლიო სალიცენზიო ტურნირშიც, სადაც გუნდს 16 ქულა მოვუტანე.
- გიორგი, როგორ ფიქრობ, ვინ იქნება წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე შენი უმთავრესი მეტოქე?
- ასეთებად შეიძლება 3 მეტოქე დავასახელო - რუსი, რუმინელი და ირანელი. რუსი ძალოსანი ძლიერია, მაგრამ შარშან პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს, ამჟამად როგორ ფორმაშია ვერ გეტყვით, რუმინელი კი ვფიქრობ იმ ძალ-ღონის არ არის, რომ დღეს რეალური კონკურენცია გამიწიოს.
- ირანელზე რას იტყვი?
- სწორედ მან მომიგო შარშან მესამე ადგილი. მე მეოთხეზე გავედი, მაგრამ მაშინ ფორმაში არ ვიყავი. ვერც კი შევადარებ ჩემს მაშინდელ და ამჟამინდელ მდგომარეობას. ვფიქრობ, ამჯერად მოვახერხებ მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენებას. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ კიდევ ერთი კონკურენტი მყავს - დავით ხეცურიანი. ჩვენ ერთად ვარჯიშობთ, ერთად ვემზადებით და ორივეს დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ.
კახა ფაჩუაშვილი