სხვა

1:35 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალი კომისია ახალი პრობლემის დასაძლევად

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შეიქმნა იმ საფრთხეების შემსწავლელი კომისია, რომელიც დიდი შეჯიბრებების ორგანიზებაში კერძო კომპანიების მზარდი ჩართულობით არის გამოწვეული.

ახალ კომისიას სათავეში ჩაუდგება სოკ-ის გენერალური დირექტორი კრისტოფ დე კეპერი.

ოლიმპიური მოძრაობის მესვეურები თვლიან, რომ სპორტის ავტონომიას სერიოზულად ემუქრება თვალშისაცემი აქტიურობა კომერციული ორგანიზაციებისა, რომლებიც გადიან თავისი იურისდიქციის ფარგლებიდან და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან შეუთანხმებლად აწყობენ მასშტაბურ სპორტულ ტურნირებს.

სპორტში ადმინისტრაციული მეტოქეობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბოლო დროს კალათბურთში განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად კი – ფიბა-ევროპასა და ევროლიგას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა. ფიბა-ევროპა ყველა ღონეს ხმარობს, რათა დაიბრუნოს კონტროლი საკლუბო კალათბურთზე და ამ საქმეში მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს თავად ფიბა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნები შესაძლოა მოკვეთონ მნიშვნელოვანი ტურნირებიდან და ოლიმპიური თამაშებიდანაც კი, თუ არ დაემორჩილებიან მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციების მითითებებს და არ გაწყვეტენ ურთიერთობას ევროლიგასთან – დიდ მოგებაზე ორიენტირებულ კომერციულ კომპანიასთან, რომელიც გაურბის კალათბურთის მმართველ ორგანოებთან თანამშრომლობას.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები ასევე ეჭვის თვალით უყურებს 2015 წელს დაარსებული კერძო კომპანიის - ევროპის სპორტული ჩემპიონატების მენეჯმენტის (EშჩM) და 7 ევროპული ფედერაციის ერთობლივ გადაწყვეტილებას 2018 წლის აგვისტოში სპორტის 7 ოლიმპიურ სახეობაში (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, ველოსპორტი, საწყლოსნო სახეობები, ნიჩბოსნობა, ტრიატლონი, გოლფი) მულტი-შეჯიბრების - ე.წ. ევროპის ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე. გამოცხადებულია, რომ მძლეოსანთა ტურნირს ბერლინი უმასპინძლებს, დანარჩენი შეჯიბრებები კი გლაზგოში ჩატარდება.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია EშჩM-სა და ევროპულ ფედერაციებს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის იმ მუხლმა, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ კონტინენტური ფედერაციებს 2017 წელს მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ არც ერთ მულტი-სპორტულ ღონისძიებაში. ეს გადაწყვეტილება, ცხადია ნეგატიურად იმოქმედებდა 2019 წელს გასამართ ევროპის მეორე თამაშებზე, ასევე ევროპის ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე. მართალია, ხელშეკრულებიდან ეს სადაო მუხლი ამოღებულია, თუმცა პატრიკ ჰიკი მაინც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ კერძო კომპანიების მიერ ორგანიზებული სპორტული შეჯიბრებები სერიოზულად აზიანებს ოლიმპიური მოძრაობის ერთიანობას.

“ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია: უნდა გვქონდეს მყარი გარანტია იმისა, რომ ოლიმპიურ შეჯიბრებებს, მათ შორის – ევროპულ თამაშებს და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ახალი კომერციული ორგანიზაციების საქმიანობით ზიანი არ მიადგება”, - განაცხადა პატრიკ ჰიკმა.

კრისტოფ დე კეპერი, სავარაუდოდ, წინასწარ ანგარიშს წარუდგენს სოკ-ის აღმასრულებელ საბჭოს უახლოეს სხდომას, რომელიც 30-31 ივლისს რიო დე ჟანეიროში გაიმართება.

www.geonoc.org.ge

0.131892