ჭიდაობა

16:33 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

 “უცნობი ფალავანი”  
 შესანიშნავი სრულმეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ქართველ ფალავნებზე

ჭიდაობა ოდითგანვე ქართველთა საყვარელი სპორტი იყო და ეს სიყვარული ბევრი ლეგენდისა თუ მითის საფუძველი გახდა. ერთი მათგანის თანახმად, სამშობლოში დაბრუნებულ ევროპის, მსოფლიოსა თუ ოლიმპიურ ჩემპიონს საკუთარ სოფელშიც უნდა დაემტკიცებინა თავისი უძლეველობა. წარმოიდგინეთ, ბევრი ჩემპიონი ამ ტრადიციის “მსხვერპლი” გამხდარა და თანასოფლელთან შერკინებაში დამარცხებულა.

რეჟისორმა თემო ცავამ გადაწყვიტა ასეთი ადამიანები მოეძებნა და მათზე ფილმი გადაეღო. გადაღებები 2007-2014 წლებში მიმდინარეობდა.

აი, რას ჰყვება თავად რეჟისორი: “როცა შერკინების მონაწილეების ძებნა დავიწყეთ, ჩემპიონი ბევრი ვნახეთ, მაგრამ მათი დამმარცხებელი უსახელო ფალავანის პოვნა არც ისე იოლი აღმოჩნდა. მერე კი გაგვიმართლა, ორი ხანდაზმული მეგობარი, მოჭიდავეები რამინ ლომსაძე (“ფანტომასა”) და შაქრო ელერდაშვილი (“ცხენი”) აღმოვაჩინეთ. ისინი 79 და 85 წლისანი არიან და ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციების გადასრჩენად იბრძვიან.”

ასაკის მიუხედავად, სხვადასხვა სოფლებში გამართულ ჭიდაობებს არ აკლდებიან. როგორც აღმოჩნდა ქართულ ჭიდაობას მათთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს.

ისევ რეჟისორს მოვუსმინოთ: “უწინ შერკინებები ეკლესიის უშუალო სიახლოვეს იმართებოდა. შაქრო და “ფანტომასა” თავად არიან ამ ჭიდაობების მოწმე და მონაწილე.

მაგრამ დრო შეიცვალა, ახლა ეკლესიის სიახლოვეს ჭიდაობის ნებას აღარ რთავენ. ფილმში შაქროს და “ფანტომასას” სურთ ეს აკრძალვა მოიხსნას. საპატრიარქოშიც კი მიდიან, რომ ოდითგანვე არსებული საჭიდაო ტრადიცია აღსდგეს.”

ახლა შაქროს მოვუსმინოთ: “ეკლესიასთან ჭიდაობას სხვა ლაზათი ჰქონდა. აქ “ფალავანის” ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, რომელიც მხოლოდ დღეობაში შეეძლო მოეპოვებინა მოჭიდავეს. წმინდანების სახელზე გამართულ დღეობებში ჭიდაობა განსხვავებული წესით, წონითი კატეგორიების გარეშე ტარდებოდა. თუ გული ერჩოდა, ნებისმიერს შეეძლო გოლიათს დასჭიდებოდა. სწორედ ეს ნიშნავდა ფალავანს.”

შაქრო საშუალო სიმაღლის კაცი იყო, მაგრამ ფალავანი გახლდათ. ამბობს, “ჩემთვინ წონას მნიშვნელობა არა ჰქონდაო.”

შაქრომ თავის დროზე ლეგენდარული ვახტანგ ბალავაძე დაამარცხა. ახლა კი ისეთი ქარიზმით და ალალად ყვება თავგადასავალს, მარტო ამ ეპიზოდისთვის ღირს ფილმის ნახვა. საერთოდაც, ნაღდი ქართული ფილმია, ნაღდ ქართველებზე.

არის ეპიზოდი, სადაც ყოფილი მოწინააღმდეგეები ვახტანგი და შაქრო შეხვედრისას დაჭიდების ადგილსა და დროს იხსენებენ. ბოლოს ვახტანგს შინ დაუპატიჟებია შაქრო, ვახტანგის მეუღლეს კი ქმრისთვის უთქვამს: შენი დამმარცხებელი სახლში როგორ მოიყვანეო!

ალავერდის ტაძარში ერთი შუასაუკუნეების ფრესკაა, რომელზეც მოჭიდავეთა შერკინებაა გამოსახული. შეუძლებელია, ასეთი რამ მხოლოდ მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი იყოს. ფრესკა ხომ ყოველთვის უმაღლესი ხელისუფლების ხელმძღვანელობით სრულდებოდა.

თემო ცავა: “ფრესკაზე მოჭიდავეთა ფიგურების გამოსახვას, ჩვენი აზრით, იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. მოჭიდავეების ფრესკაზე წმინდა გიორგის სიახლოვეს გამოსახვა სტიმულია მებრძოლი ადამიანების განწყობის ასამაღლებლად. ერს პოზიტივი ესაჭიროება. წინაპრებს, როგორც ჩანს, უფრო ღრმა ჩანაფიქრი ჰქონდათ. ისინი რუდუნებით ზრუნავდნენ ერის სულიერ განწყობაზე, ძლიერებასა და სიმხნევეზე. მათ გააზრებული ჰქონდათ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი. წინაპართა ჩანაფიქრი, პრაქტიკულად ერის ბრძოლისუნარიანობის კონცეფცია იყო.”

ახლა კი, ამ დიდებული ტაძრის გვერდით ჭიდაობის უფლებას აღარ რთავენ.

ფილმში არის კიდევ ერთი პარალელური ხაზი: რუისელი ბიჭუნა ბექა ღვინიაშვილი. “ტაისონა” ფილმის ერთ-ერთი გმირია, გადაღებების დაწყებისას ის 12 წლის იყო.

გადაღების განმავლობაში ბექა გაიზარდა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. დღეს “ტაისონა” ევროპის არაერთი უმაღლესი ტიტულის მფლობელია. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ბექა საქართველოს ნაკრებს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმოადგენს.

ფილმი “ფალავანი” ლატვიურ-ქართული ერთობლივი პროექტია. ქართული მხრიდან PALESTRA-ს პროდიუსერი და რეჟისორი თემო ცავა მონაწილეობდა. ლატვიურიდან VFS-ის პროდიუსერი ულდის ცეკულისი.

თავდაპირველად ფილმი ლატვიის ტელევიზიიდან, ლატვიური და ქართული კინოცენტრებიდან დაფინანსდა. ბევრი საქმე გაკეთდა, მონტაჟიც დასრულდა, 250 საათიანი მასალიდან დარჩა 3 სასარგებლო საათი, საიდანაც უნდა დამზადდეს 1 საათიანი ფილმის ვერსია. ამისათვის საჭიროა 30 ათასი დოლარი, რომელიც ფილმის დასრულებას და პრომოუშენს, ანუ ევროპული გაყიდვებისთვის მომზადებას დასჭირდება.

გადაღებული მასალა, რომელიც ფილმში არ შევა, არქივში შეინახება. იქ არიან შოთა ჩოჩიშვილი, ლავრენტი კაციაშვილი, სიმონ მაისურაძე, გიორგი გოგშელიძე, ამირან ვარდოშვილი, ბადრი ხასაია, ვახტანგ ბალავაძე, შოთა ზუკაკიშვილი, ლევან თედიაშვილი...

პროექტი სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ კინოპროექტების ბაზრობებზეც წარადგინეს, ამიტომ ის კარგადაა ცნობილი ტელევიზიების შემსყიდველი აგენტებისთვის. ექსკლუზიური უფლება კი პროექტზე თემო ცავას ეკუთვნის.

0.153309