დღეს რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი დღის ორი რბოლა ჩატარდა. სტარტზე ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ სერიის მონაწილეები დადგნენ. ხვალ კი ჩემპიონატს კომპაქტ და ტურინგის კლასების ორი ერთობლივი რბოლა და ლეჯენდსის მეორე რბოლა გაიმართება. სასიამოვნო ფაქტია, რომ კომპაქტი და ტურინგი საქართველოს ჩემპიონატს ერთი ეტაპის გამოტოვების შემდეგ დაუბრუნდა.
პირველი დღის პირველი რბოლა ლეჯენდსის კლასში გაიმართა და როგორც ყოველთვის, ის ძალიან დაძაბული გამოდგა. სტარტიდან „ლამბორგინი“ სუპერ ტროფეოს გუნდ „არტლაინ ჯორჯიას“ ლატვიელი პილოტი ჰარალდ შლეგელმილხი დაწინაურდა, რომელსაც კვალში წინ ეტაპის ორივე რბოლის გამარჯვებული არჩილ ბიძინაშვილი (ლიბერტი ბანკი), „არტლაინ ჯორჯიას“ მფლობელი და პილოტი შოთა აფხაზავა, გოგა არჯევანიძე (ლიბერტი ბანკი) და გიორგი ბეჟიტაშვილი (ვითიბი ბანკი) ჩაუდგნენ.
პირველივე წრეზე, რამდენიმე მოსახვევის შემდეგ, შლეგელმილხს ბიძინაშვილმა გაასწრო, მეორე S-მოსახვევში კი აფხაზავამაც გაუარა. ასე თითქმის ერთი წრე გაიარეს, მერე კი აფხაზავამ ბიძინაშვილსაც გაასწრო. მეორე S-ის წინ, მისი გასწრება შლეგელმილხმაც სცადა, მაგრამ ამაოდ. იმავე წრის ბოლოს, აფხაზავას ინციდენტი შეემთხვა, რომელშიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა ბიძინაშვილიც იყო გარეული. აფხაზავას ამ ინციდნტისას მანქანა დაუზიანდა, არჩილმა კი რბოლა გააგრძელა და მართალია, ლიდერობა ლატვიელს დაუთმო, მაგრამ ბევრით არ ჩამორჩენია. მას კუდზე აჯდნენ არჯევანიძე და ბეჟიტაშვილი.
მესამე წრის პირველი S-ის წინ, ისებ ბიძინაშვილი დაწინაურდა. თუმცა რამდენიმე მოსახვევის შემდეგ, მას შლეგელმილხმა და ბეჟიტაშვილმა გაასწრეს. იმავე წრეზე, პირველ S-მდე ლიდერის პოზიცია ბეჟიტაშვილმა გადაიბარა, ლატვიელ პილოტს კი ბიძინაშვილმაც გაასწრო. შლეგელმილხს არჯევანიძემაც შეუტია, თუმცა უშედეგოდ. უფრო მეტიც, მომდევნო წრის დასაწყისში, „არტლაინ ჯორჯიას“ პილოტმა ისევ ხელთ იგდო ლიდერობა. მაგრამ ისევ დროებით - წინ ისევ ბიძინაშვილმა გადაინაცვლა, მაგრამ შლეგელმილხმა ძალიან მალე დაიბრუნა მოწინავე პოზიცია. მომდევნო წრის პირველ S-მდე მას ბიძინაშვილმა და ბეჟიტაშვილმა გაასწრეს.
ამის შემდეგ, თითქმის ერთი წრის განმავლობაში, პირველ ოთხეულში განლაგება არ შეცვლილა. მერე კი ლატვიელმა ბეჟიტაშვილის ჩამოტოვება შეძლო. მომდევნო წრის დასაწყისში კი ისევ დაწინაურდა. თუმცა მცირე ხნით - ხიდის ქვეშ გავლისას, მას ისევ ბიძინაშვილმა გაუარა. სამაგიეროდ, 180-გრადუსიან მოსახვევში, რომელსაც ხშირად „აპენდიციტად“ მოიხსენიებენ, შლეგელმილხმა ისევ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია. თუმცა ისევ მცირე ხნით - ბიძინაშვილმა ისევ გაასწრო. ამასობაში, არჯევანიძემ ბეჟიტაშვილს გაუარა და მესამეზე გადაინაცვლა. ხიდის შემდგომ მოსახვევში კი შლეგელმილხი დაწინაურდა, რომელსაც ბიძინაშვილმა 180-იანში შეუტია, მაგრამ ამაოდ. თუმცა მომდევნო მოსახვევამდე, უკეთესი აჩქარების წყალობით შეძლო მეტოქის ჩამოტოვება.
ამის შემდეგ, დარჩენილ ოთხიოდე მოსახვევში ლიდერთა განლაგება აღარ შეცვლილა. ბიძინაშვილმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, მეორეზე შლეგელმილხი გავიდა, მესამე ადგილი კი არჯევანიძემ დაიკავა. თუმცა მოგვიანებით, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, მსაჯებმა განიხილეს რბოლის დასაწყისში, აფხაზავას და ბიძინაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი და გამარჯვებულს წესის დარღვევა დაუფიქსირეს, რის გამოც, საჯარიმო დროით დასაჯეს. შედეგად, გამარჯვება შლეგელმილხს დარჩა. მეორე და მესამე ადგილებზე კი არჯევანიძემ და ბეჟიტაშვილმა გადაინაცვლეს.
არანაკლებ საინტერესო იყო ფორმულა „ალფას“ რბოლა. მართალია, აქ ლიდერთა ხშირი ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ მთავარი ინტრიგა - შლეგელმილხის და დათა ქაჯაიას დაპირისპირება, თითქმის ბოლომდე შენარჩუნდა. დათას TCR-ის საერთაშორისო სერიის ზალცბურგის (ავსტრია) და ოშერსლებენის (გერმანია) ეტაპებს შორის ორკვირიანი შუალედი ჰქონდა და ის რუსთავში საასპარეზოდ გამოიყენა.
დათამ კვალიფიკაცია მოიგო და წესით, რბოლა პოულიდან უნდა დაეწყო, მაგრამ სამწუხაროდ, მის მანქანაზე ძრავი დაზიანდა. მისი გამოცვლა ვერ ესწრებოდა და ამის გამო, მას სხვა მანქანაზე გადაჯდომამ მოუწია, რის გამოც, სტარტზე პირველიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ქაჯაიასთვის პოულიდან სტარტის აღების უფლება მიეცათ, მაგრამ ეს წესის დარღვევა იქნებოდა და საბოლოოდ, ამაზე უარი თქვეს. ტექნიკური პრობლემები შეექმნათ დავით რამიშვილს, აფხაზავას და თორნიკე კიკნაველიძესაც. სამივემ შეძლო სტარტზე გამოსვლა, თუმცა კვარცხლბეკისთვის ბრძოლა ვერ შეძლეს, კიკნაველიძემ კი მალევე შეწყვიტა ასპარეზობა.
სტარტიდან შლეგელმილხი დაწინაურდა, რომელსაც კვალში შაკო ციხელაშვილი, სანდრო თავართქილაძე (ორივე ვისოლი), რომელმაც სტარტზე რამდენიმე პოზიცია მოიგო, ლაშა ნადირაშვილი და ქაჯაია ჩაუდგნენ (ორივე მია-ფორსი). ხიდის შემდგომი მოსახვევების ბმულში ქაჯაიამ ნადირაშვილს გაასწრო. ერთი წრის შემდეგ, ქაჯაიამ თავართქილაძეც ჩამოიტოვა და ციხელაშვილს შეუტია. სამი წრე ასე გაიარეს, მერე კი დათამ „ვისოლის“ მეორე პილოტიც უკან მოიტოვა. ამ დროს, შლეგელმილხმა უკვე მოასწრო საიმედო ჰანდიკაპის შექმნა და ლიდერობის შენარჩუნება არც გასჭირვებია. ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მეორე და მესამე ადგილები კი ქაჯაიამ და ციხელაშვილმა დაიკავეს.
კვირას სამი რბოლაა. 13:20-ზე კომპაქტის (ბეემვე) და ტურინგის (ჰონდა) პირველ ერთობლივ რბოლას მიეცემა სტარტი, 14:30-ზე მეორე რბოლა ლეჯენდსის კლასს აქვს, 15:35-ზე კი ტრასაზე საასპარეზოდ ისევ კომპაქტის და ტურინგის მონაწილენი გამოვლენ.







