ფეხბურთი

14:11 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “სტად ველოდრომი”

Worldsport.ge განაგრძობს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის სტადიონების წარდგენას. ამჯერად მარსელის ულამაზესი ნაგებობის, “ველოდრომის” ირგვლივ ვისაუბრებთ.

მარსელი – ფეხბურთი ქალაქში

ფეხბურთი მარსელელთა მუზაა. “ოლიმპიკ მარსელი” ქალაქის მცხოვრებთა შორის უდიდესი სიყვარულით სარგებლობს და იგი “სტად ველოდრომზე” 1937 წლიდან თამაშობს. სწორედ ამ დროს გაიხსნა ლეგენდარული არენა, რომელიც 1938 წლის მუნდიალისთვის აშენდა. მანვე 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებიც მიიღო. არენა მარსელში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია.

საფეხბურთო კლუბი “ოლიმპიკ მარსელი” კი საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. “ოლიმპიკმა” საფრანგეთის ჩემპიონობა ცხრაჯერ მოიპოვა, ქვეყნის თასი 10-ჯერ, სამჯერ საფრანგეთის ლიგის თასი, ხოლო 1993 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, როცა ფინალში იტალიურ “მილანს” 1:0 აჯობა. ორი წლით ადრე კი იმავე ტურნირის ფინალში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” დამარცხდა. “მარსელმა” ერთადერთი ევროპული თასი ბერნარ ტაპიეს პრეზიდენტობის დროს მოიგო. იგი ზღვისპირელებს 1986-1994 წლებში ედგა სათავეში.

ბოლო წლებში “მარსელი” ძველებურად წარმატებული ვეღარაა, მაგრამ უეფას ტურნირებში რეგულარულად ასპარეზობს. 2005 წელს გუნდმა უეფას ინტერტოტოს თასი მოიგო, ხოლო ერთი წლით ადრე უეფას თასის ფინალში დამარცხდა ესპანურ “ვალენსიასთან”. ამჟამად საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, რომელიც “ოლიმპიკს” ფეხბურთელობისას კაპიტნობდა, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოუტანა 2010 წელს და ამასთან მიჯრით სამჯერ საფრანგეთის თასზე გაამარჯვებინა. დეშამის მარსელურ მონაგარშია საფრანგეთის ორი სუპერთასიც. “მარსელის” ფერები ლურჯი და თეთრია, ხოლო მის ლოგოს ქალაქის ქუჩებში ყველგან შეხვდებით.

ცნობილი ფეხბურთელები ქალაქიდან

ჟან-პიერ პაპენი (1963-): 90-იანი წლების ბომბარდირმა 1991 წელს “ოქროს ბურთი” მოიგო. მან “მარსელის” რიგებში დაუვიწყრი წლები გაატარა. ასევე უთამაშია მიუნხენის “ბაიერნსა” და “მილანში”.

მარიუს ტრეზორი (1950-): საფრანგეთის ნაკრების რიგებში 1982 წლის მუნდიალზე იასპარეზა, ხოლო “მარსელში” 1972-1980 წლებში ირჯებოდა.

დიდიე დეშამი (1968-): საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იმ “მარსელის” კაპიტანი გახლდათ, რომელმაც 1993 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოგვიანებით დიდიე “ოლიმპიკს” ავარჯიშებდა (2009-2012 წლებში).

როჯერ მაგნუსონი (1945-): იგი ცნობილი იყო თავისი ჩინებული დრიბლინგით. შვედი მოთამაშე 70-იან წლებში “მარსელის” უპირობო ლიდერი გახლდათ.

ბაზილ ბოლი (1967-): 1993 წლის ლეგენდარული ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. სწორედ მან გაიტანა ფინალში “მილანის” კარში თავური დარტყმით გამარჯვების გოლი და კლუბის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა.

იცით თუ არა, რომ? – ალჟირის პრეზიდენტი აჰმედ ბენ ბელა “მარსელის” ფეხბურთელი გახლდათ. მან “ოლიმპიკში” 1939-1940 წლების სეზონში “ანტიბესის” კარი დალაშქრა.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სხვა ქალაქებიდან მანძილი

ნიცა – 215 კმ

ლიონი – 315 კმ

სენტ ეტიენი – 335 კმ

ტულუზა – 405 კმ

ბორდო – 650 კმ

პარიზი – 780 კმ

სენ დენი – 790 კმ

ლანსი – 985 კმ

ლილი – 1000 კმ

დაშორება “ველოდრომიდან” – ქალაქის ცენტრამდე 4 კმ, აეროპორტამდე 30 კმ

სტადიონი – “ველოდრომი”

ტევადობა: 67 000

გუნდი: “ოლიმპიკ მარსელი”

გახსნა: 1937 წელი (რეკონსტრუქცია 2014 წლის ოქტომბერში)

“ველოდრომმა” ბოლო როკონსტრუქციის შედეგად იერსახე იცვალა. თუ ადრე ტრიბუნები გადახურული არ იყო, ახლა გადახურულია. არენის შეკეთება 267 მილიონი ევრო დაჯდა.

2014 წლის 16 ოქტომბერს ახალი სტადიონი საზეიმოდ გახსნეს მარსელის მერმა ჟან-კლოდ გედინმა, უეფას მუშაკმა მარტინ კალენმა, სპორტის მინისტრმა პატრიკ კანერმა და ტიერი ბრაილარმა.

“სტად ველოდრომი” 2014 წლის ოქომბერში ღია გახლდათ დამთვალიერებელთათვის და არენა მაშინ 55 ათასმა ადამიანმა ინახულა.

როგორც სტადიონის სახელიდან ჩანს, გახსნის ცერემონიაზე იყო სიმღერა ველოსპორტზე. არენა 1937 წელს, “მარსელისა” და “ტორინოს” თამაშით გაიხსნა.

“ველოდრომს” ფეხბურთის გარდა ასევე უმასპინძლია რაგბის, ჩოგბურთის, მძლეოსნობის, ჰოკეის, კრივის შეხვედრებისთვის.

მარსელის სტადიონზე იმართებოდა 138 და 1998 წლის მუნდიალის, ასევე 1960 და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის თამაშებიც. ამ ტურნირებზე იგი ტევადობით მეორე იყო (60 ათასი).

სტადიონი მდებარეობს ქალაქის სამხრეთით მდინარე ჰუვენუსთან. 80-იან წლებში “ველოდრომი” გამოიყენებოდა კონცერტებისა და პოლიტიკური გამოსვლებისთვისაც.

“ველოდრომი” ევროპის ჩემპიონატზე ექვს შეხვედრას უპასპინძლებს

ჯგუფური ეტაპი

11 ივნისი, 23:00 საათი. ინგლისი – რუსეთი

15 ივნისი, 23:00 საათი. საფრანგეთი – ალბანეთი

18 ივნისი, 20:00 საათი. ისლანდია – უნგრეთი

21 ივნისი, 20:00 საათი, უკრაინა – პოლონეთი

მეოთხედფინალი

30 ივნისი, 23:00 საათი

ნახევარფინალი

7 ივლისი, 23:00 საათი

თეგებიევრო 2016
0.114129