ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძის თასის 2016 წლის გათამაშება ორ ეტაპად თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება. ასპარეზობას 12 – 17 ივნისს თბილისი, ხოლო 19 – 22 ივნისს ქუთაისი უმასპინძლებს.
ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები გამოვლენ. როგორც ქალთა ისე ვაჟთა შორის, რვა- რვა სპორტსმენი იასპარეზებს.
თბილისის ტურნირი ორ წრედ, ხოლო ქუთაისის ერთ წრედ გაიმართება. ორივე ეტაპი კლასიკური ჭადრაკისაგან განსხვავებული სისტემით ჩატარდება. თითოეული პარტიის გამარჯვებული სამ, ხოლო დამარცხებული ნულ ქულას მიიღებს. ყაიმის შემთხვევაში ორივე მოჭადრაკეს თითო ქულა დაეწერება. გამარჯვებულად ის მოჭადრაკე გამოცხადდება, რომელიც ორივე ეტაპის ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაცია, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია.