თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში “ბარსელონასთან” ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ქართველმა კალათბურთელმა კი ტრავმის მოშუშების შემდეგ, მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა.
ბასკები კატალონიელებს უმეტესი დროის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ, თუმცა, ერთი შეხედვით შეუძლებელი შესძლეს. “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა ტომაშ სატორანსკიმ საფინალო სირენამდე 0.9 წამით ადრე, სტუმრები 76:74 დააწინაურა.
თითქოს, მატჩის და მთლიანად სერიის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ იოანის ბურუსისმა მთელს მოედანზე გადაწოდებული ბურთის მიღება მოახერხა და ტაბლოზე საყაიმო ანგარიში აანთო – 76:76.
ცხადია, “ლაბორალ კუჩამ” ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღო და ოვერტაიმში კატალონიელებზე უკეთ გამოიყურებოდა. დიდებულად მოთამაშე ბურუსისს, რომელმაც საბოლოოდ 32 ქულა ჩააგდო, მხარი მაიკ ჯეიმსმაც (17 ქულა) აუბა და მასპინძლებმა 89:83 იმარჯვეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში მთავარი მწვრთნელი ველიმირ პერასოვიჩი სრულად ენდო და არც შემცდარა. თოკომ მოედანზე 21:38 წუთი დაჰყო და 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15-ს უწია და ამ მხრივ, ის მხოლოდ ხსენებულ ბურუსისს და ჯეიმსს ჩამორჩა.
გამარჯვების მიუხედავად, “ლაბორალ კუჩა” მეტოქეს სერიაში 1:2 ჩამორჩება, წონასწორობის აღდგენის შანსი კი 10 ივნისს ექნება, როდესაც “ბარსელონას” შინაურ კედლებში კიდევ ერთხელ დაუხვდება.