“ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით ქალთა და გოგონათა მიმართ, მიუღებელია” – ამ სიტყვებით მიმართა ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა”, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ელჩმა ნოდარ ანდღულაძემ აპიაში, ავეე კოლეჯის სტუდენტებს, სადაც იგი და “ბორჯღალოსნები” სანდრო თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი და ლაშა ხმალაძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ მიიწვია.
შეხვედრაზე ანდღულაძემ ქართული რაგბის მაგალითზე ისაუბრა სპორტსმენების როლზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რაგბის კავშირი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ კუთხით უკვე რამდენიმე წელია რაც თანამშრომლობენ და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამშრომლობა სხვა სპორტის სახეობებისთვისაც სამაგალითო გახდა. რამდენიმე ხნის წინ ქართული რაგბის მსგავსად, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა “ვალენსიამ” დაიწყო, სადაც ნონო ანდღულაძე გამოცდილების გასაზიარებლად იყო მიწვეული.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” 4 ივნისიდან სამოაზე იმყოფებიან, სადაც ივნისის ტესტებისათვის აგრძელებენ მზადებას. პირველ მატჩში სამოას ვუპირისპირდებით 11 ივნისს, ხოლო 18 ივნისს უკვე ფიჯიზე ვერკინებით ტონგას და სერიის ბოლო რკენაში, რომელიც 24 ივნისს გაიმართება – მასპინძელ ფიჯის.
მატჩების განრიგი საქართველო დროით:
სამოა – საქართველო 11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
საქართველო – ტონგა 18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი – საქართველო 24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამივე ტესტის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს. სამოას მატჩის ტრანსლაციის საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია, ფიჯელებთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს.
www.rugby.ge