8 ივნისს, ბათუმში (ბაქოს ქუჩა #46), სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულლაევმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს, რომელიც სამინისტროსა და კომპანიას შორის სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობას გულისხმობს.
კომპანიას გააჩნია მრავალწლიანი, ურთიერთმომგებიანი, წარმატებული სპონსორული საქმიანობა საქართველოს სპორტულ ორგანიზაციებთან (ოლიმპიური კომიტეტი, ფეხბურთის ფედერაცია, ჭადრაკის ფედერაცია და სხვა) და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას. სამინისტრო იწვევს SOCAR-ს, რათა გააგრძელოს საქართველოში სპორტის მხარდაჭერისა და განვითარების ხელშეწყობისაკენ მიმართული სპონსორული საქმიანობა მომავალშიც.
მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში SOCAR-ი, დამატებით მოიზიდავს თანხებს და მიმართავს აღნიშნულ ფინანსურ რესურსს სპონსორული საქმიანობისათვის, რომელიც მოიცავს საქართველოში სპორტული პროექტებისა და ღონისძიებების ხელშეწყობას და მხარდაჭერას.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური