გუშინ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელსაც გამგეობის 9 წევრიდან ვეტერანი კალათბურთელები - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვალერი ლომაძე, გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია და გია სანაძე ესწრებოდნენ.
საპატიო მიზეზით არ იყო ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებული საქმეების გამო, საქართველოში არ იმყოფება. რაც შეეხებათ ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიას და საკალათბურთო კლუბ ,,ვითას“ პრეზიდენტ თემურ დათიკაშვილს, მათ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ გამგეობის სხდომაზე ფედერაციას ბრალი დასდეს თანხის არამიზნობრივად ხარჯვაში, პროტესტის ნიშნად გამგეობა დატოვეს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გამგეობის სხდომა სწორედ შენგელიასა და დათიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიეძღვნა. სხდომის დასრულების შემდეგ გამგეობის წევრებმა მას-მედიისათვის განცხადება გააკეთეს.
მიხეილ გაბრიჩიძე: ,,ფედერაციის მიმართ აგორდა შავი პიარ-კამპანია. დიდ წუხილს იწვევს, რომ მისი ავტორები ის ადამიანები არიან, რომლებთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს გუნდში იყვნენ. გამგეობის სხდომის დღევანდელი მონაწილეები და ასევე ვლადიმერ ბოისაც, რომელმაც თანადგომა სიტყვიერად დაგვიდასტურა, ემიჯნებიან შენგელიასა და დათიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
გამგეობამ იმსჯელა სკეფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, მათ შორის აღსანიშნავია ფედერაციის ბოლო არჩევნების შემდგომ დანერგილი სიახლეები:
1. სუპერლიგაში დაინერგა ახალი ფორმატი.
2. დაფუძნდა „ა“ ლიგა.
3. ჩამოყალიბდა ეროვნული ნაკრების სარეზერვო ნაკრები (ბ ნაკრები).
4. შემუშავდა და დაინერგა სუპერლიგის კლუბების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.
5. ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში მონაწილეობას ვიღებთ 2 ასაკობრივ ჯგუფში.
6. NBA Junior - აშშ-ს მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომელშიც ჩართულია თითქმის ყველა რეგიონი (500 მდე ბავშვი).
7. პირველად საქართველოს ქალ კალათბურთელთა 2 ასაკობრივი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში.
8. თბილისი უმასპინძლებს ქალთა შორის ახალგაზრდული, 18 წლამდელების ევროპის ჩემპიონატს (C დივიზიონი).
9. დაინერგა და მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა - FIBA-ს მხარდაჭერით.
10. მოწვეულნი არიან უცხოელი სპეციალისტები და მწვრთნელები სკეფ-ში სამუშაოდ, ბავშვთა კალათბურთისა და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების ხელისშეწყობის მიზნით.
11. FIBA-ს სტრუქტურებში, კომისიებში გაწევრიანებულია ფედერაციის 3 თანამშრომელი.
12. 3X3 ზე კალთბურთში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მოიცავს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს, ჩვენი გუნდები მონაწილეობას იღებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. U18 ასაკობრივ ჯგუფში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მოხვდა საუკეთესო რვა ნაკრებს შორის.
ფედერაციის გამგეობამ კიდევ ერთხელ იმსჯელა სკეფ-სა და „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე. გამგეობის წევრთა საერთო მოსაზრებით, პროექტი კიდევ ერთხელ შეფასებულია, როგორც ერთერთ წარმატებულ და დიდი იმედების მომცემ წამოწყებად, გამომდინარე მისი ფინანსური რისკების მინიმუმამდე შემცირებისა და იმ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც შეუწყობს ხელს ქართული კალათბურთისათვის მაღალი ევროპული დონის მოთამაშეების აღზრდასა და მათ შემდგომ განვითარებას.
ფედერაციის გამგეობამ განიხილა თემურ დათიკაშვილისა და კახა შენგელიას მიერ მედია საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაცია, მისი ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონები თემურ დათიკაშვილი და კახა შენგელია ითვლებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არჩევნებში გამარჯვებული გუნდის წევრებად, სრულყოფილად ჰქონდათ გააზრებული გუნდის მიზნები და ამოცანები, მხარი დაუჭირეს საარჩევნო პროგრამას, ისინი სისტემატიურად ცდილობდნენ სტატუსიდან გამომდინარე, ფედერაციის სტრუქტურებში მოეხდინათ პირადი ინტერესების გატარება, რაც დაკავშირებული გახლდათ საკალათბურთო ინფრასტრუქტურის (დიდუბისა და ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსების) მათ პირად განკარგულებაში გადაცემის და მათ მიერ დაფუძნებული საკალათბურთო კლუბ „ვითას“ არამართლზომიერ ლობირებაში, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ვერ გაიზიარებდა.
იმავდროულად კახა შენგელია, როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ესწრებოდა როგორც „სასკი ბასკონიასთან“ მიმდინარე წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებს, აგრეთვე ხელშეკრულების ხელისმოწერასაც, მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ყველა დეტალი და საერთო დადებით აზრსაც ეთანხმებოდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა შარშან თბილისში ჩატარებული კემპის ორგანიზებასა და მსვლელობაში.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობისათვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ ახდენენ ხსენებული ბატონები ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტის დისკრედიტაციას. გამგეობისათვის მიუღებელია მისი ყოფილი წევრების მიერ მედია-საშუალებებში გავრცელებული, ფედერაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, შეგნებულად არასწორად მიწოდებული და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია.
გამგეობა მოუწოდებს კახა შენგელიასა და თემურ დათიკაშვილს შეწყვიტონ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და მოახდიონონ მათ მიერ მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა“.
გაბრიჩიძემ და ქართველიშვილმა მას-მედიის კითხვებსაც უპასუხეს.
- წინა სეზონზე რამდენი კალათბურთელი შეარჩიეს ესპანელებმა საქართველოში?
- ესპანელებმა საქართველოდან გასასინჯად 16 კალათბურთელი წაიყვანეს, საიდანაც ორი დაიტოვეს. ჩვენ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, ესპანელებს სამასი ათასი ევრო გამოვუყავით, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდება.
- თუ ესპანეთში მყოფ ქართველ ბავშვებს თქვენ აფინანსებთ, ბულაშვილის მამა ფულს თვითონ რატომ იხდის?
- ბულაშვილს კემპი არ გაუვლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ვერც იმ კალათბურთელთა სიაში მოხვდებოდა, ვინც ესპანელებმა შეარჩიეს. ბულაშვილის მამამ თვითონ გამოთქვა სურვილი, ოღონდ მისი შვილი წაეყვანათ და თვითონ დააფინანსებდა. ასეც მოხდა. ესპანეთში ლუკა ბულაშვილმა თავი კარგად წარმოაჩინა როგორც ესპანელთა, ისე ქართველი მწვრთნელების მოწონება დაიმსახურა და ახლა საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებში ისინჯება. მომავალი სეზონიდან იგი აქციაში ჩაერთვება და მისი მშობლები ფულს აღარ გადაიხდიან.
ესპანელებმა ამ სეზონის დასრულების შემდეგაც მოაწყვეს კემპი და ისევ 16 კაათბურთელი შეარჩიეს. ამჯერად ვალდებულებას იღებენ, რომ მათგან 7 საუკეთესოს დაიტოვებენ.
- თუ ესპანელები თქვენს მიერ გაღებულ თანხას უკან დააბრუნებენ, მაშინ რით შეიძლება აიხსნას მათი დაინტერესება?
- ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ კარგი სპორტსმენის აღზრდის შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სპორტსმენის გაყიდვიდან შემოსული თანხა შუაზე გაიყოფა. ანალოგიური პროექტი ესპანელებმა არგენტინასთან განახორციელეს, რომელმაც გაამართლა.
- რატომ გააკეთეს ესპანელებმა აქცენტი საქართველოზე?
- მათ დაინახეს, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია, რომელთაგან ბევრი გარდატეხის ასაკში იკარგება, რადგან ჩვენთან კონკურენცია დაბალია და ოსტატობას ვერ იმაღლებენ.
- შენგელია ამბობს, რომ ესპანეთში მყოფი ქართველი ბავშვები ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ვარჯიშობენ.
- ბასკეთი ესპანეთში ეკონომიურად ყველაზე მდიდარი რეგიონია. ,,ლაბორალ კუჩაშიც“ იდეალური პირობებია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადაამოწმონ და დარწმუნდნენ.