TCR-ის საერთაშრისო სერიის მეხუთე ეტაპს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის ტრეკმა უმასპინძლა. სერიის მონაწილე ქართველ მრბოლ დათა ქაჯაიას შანსი ჰქონდა, მეორე რბოლა კვლავ კვარცხლბეკზე დაესრულებინა. მაგრამ როგორც ამის შანსი უამინდობის წყალობით მიიღო, ის წვიმისვე „ხელშეწყობით“ დაკარგა.
ავსტრიული ეტაპი საინტერესო სიახლითაც იყო გამორჩეული: სერიის მონაწილე ყველა ავტომობილის საქარე შუშის ზედა ნაწილში გაჩნდა წარწერა - „ვიზიტ ჯორჯია“. იმოლასა და ზალცბურგის რბოლებს შორის, საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა სერიის პრომოუტერი მარჩელო ლოტი, რომელმაც რუსთავის საერთაშრისო მოტორპარკი მოინახულა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ TCR-ის საერთაშრისო სერიის მომავალი სეზონის კალენდარში, რუსთავის ეტაპიც შევიდეს.
ზალცბურგში კვალიფიკაცია ქაჯაიასთვის წარუმტებელი გამოდგა. მას სესიის დასაწყისშივე მოუცურდა მანქანა და ხრეშის ზოლში გაიჭედა. იმ დროს, როცა წითელი დროშები ფრიალებდა (ამ დროს, რბოლა გაჩერებულია) ქართველს ტრასაზე დაბრუნებაში სტუარდები დაეხმარნენ, რისთვისაც მის მიერ დაფიქსირებული დროები ანულირებულ იქნა და დათა რბოლიდანაც კი მოიხსნა. თუმცა მოგვიანებით, რბოლის დირექტორმა ქაჯაიას დისკვალიფიკაცია შეამსუბუქა და ის ორივე რბოლაში მე-14 პოზიციაზე დაუშვა.
პირველი რბოლა, პირველივე მოსახვევში დიდი შეხლა-შემოხლით დაიწყო. ერთ-ერთი დაზარალებული ქაჯაია აღმოჩნდა, რომელიც სტარტ-ფინიშის შემდგომ მოსდახვევში, პეტრ ფულინის დაზიანებული „ალფა რომეოს“ უკან გაიჭედა. დათამ ხაფანგს თავი დააღწია და რბოლას დაუბრუნდა, თუმცა პელოტონის უკან აღმოჩნდა და უკვე მეორე წრეზე, ლიდერ პეპე ორიოლასთან 19 წამზე მეტს აგებდა.
ბედად, შუა რბოლისას, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რამაც დათას წინ წასულებთან დროში ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა. ის ამ დროს მე-12 ადგილზე იმყოფებოდა. რესტარტიდან მალე, დათამ თავის ახალ (დროებით) თანაგუნდელს, ავსტრიელ თინეიჯერ ფლორიან იანიცს გაასწრო და მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინის შეუტია. ერთი წრის შემდეგ, მასაც გაუარა, თუმცა მომდევნო მოსახვევისთვის გარე ტრაექტორიაზე აღმოჩნდა და შვეიცარიელს პოზიცია დაუბრუნა. უფრო მეტიც, ქართველს ატილა ტასიმაც გაასწრო, რის შემდეგაც მე-10 ადგილზე ჩამოქვეითდა.
ამის შემდეგ, ტასიმ კომინისაც შეუტია. მაგრამ ამან არ დაუთმო. მოხდა მცირე კონტაქტი და ტასი ტრასის მიღმა აღმოჩნდა, თუმცა რბოლას არ გამოთიშვია. ამ დროს, რბოლას კიდევ ერთი ორიოლა - პეპე გამოეთიშა, რომელიც სტარტიდანვე ლიდერობდა. ამის წყალობით, რბოლას სათავეში ქაჯაიას ყოფილი თანაგუნდელი მიხაილ გრაჩოვი ჩაუდგა. დათამ მე-15 წრეზე მაინც გაასწრო კომინის და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
ბოლო წრეზე, გრაჩოვს კუდზე დააჯდა დუშან ბორკოვიჩი, რომელმაც მე-5 ზრეზე, რუსს შესანიშნავი მანევრით გაასწრო. იმ გასწრების შესრულებისას, სერბმა გრაჩოვთან ერთად, ჟან-კარლ ვერნიც მოიტოვა უკან. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, ბორკოვიჩმა გრაჩოვის გასწრება ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ, მას ჯემს ნეშმა შეუტია, რომელმაც სლიპსტრიმით ისარგებლა და მეტოქეს გვერდში ამოუდგა. სწორზე მათ მანქანებს შორის კონტაქტი მოხდა, რამაც სერბს მანქანა დაუზიანა და ის რბოლას გამოეთიშა.
საბოლოოდ, გრაჩოვმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ტიმ ენგსტლერში“ თავისი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალებას „ფოლკსვაგენის“ ავტომობილი არ აძლევდა. ნეშმა მეორე ადგილი მოიპოვა, მესამე კი ფინიშთან ბორკოვიჩის თანაგუნდელი მატ’ო ჰომოლა მივიდა. რაც შეეხება ქაჯაიას, სამწუხაროდ, ბოლო წრეზე მას ტასიმ გაასწრო და ქართველი მე-7 ადგილს დასჯერდა.
მეორე რბოლის სტარტამდე, წვიმა წამოვიდა. პილოტების უმეტესობამ სტარტამდე მანქანები საწვიმარ საბურავებზე დააყენა, ზოგი კი, იმის იმედით, რომ წვიმა „თავს შეიკავებდა“, სლიკებით გამოსვლა ინება. მოკლედ, გასახურებელი წრის დასრულებისთანავე, სლიკებით შემოსილებმა პიტლეინს მიაშურეს. სტარტისთვის უკვე გვარიანად წვიმდა, რითაც კარგად ისარგებლა ქაჯაიამ, რამდენიმე მეტოქეს გაასწრო და პირველ მოსახვევში მეორე შევიდა.
8 წრის განმავლობაში, დათას კომინიმ ორჯერ შეუტია, მაგრამ ამაოდ. ქართველმა ორივეჯერ იოლად მოიგერია. მართალია, ორივე „ფოლკსვაგენით“ ასპარეზობს, მაგრამ ტრასის იმ მონაკვეთებში, სადაც ასფალტი ძლიერ იყო დასველებული, ქართველის მანქანა აშკარად არამდგრადი იყო. სწორედ ამ დროს ეწეოდა მას კომინი, მაგრამ შედარებით მშრალ მონაკვეთებზე, ქართველი მის ჩამოტოვებას ახერხებდა.
მე-8 წრის დასაწყისში კი, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, როცა დამუხრუჭება დაიწყო, მოულოდნელად ქაჯაიას მანქანამ აღარ მოუხვია და პირდაპირ შევარდა საბურავების დამცავ მწკრივში. როგორც მოგვიანებით დათამ განაცხადა, დამუხრუჭებისას მისი „გოლფი“ გუბეზე მოხვდა, რამაც ის უმართავი გახადა. ყველაფერთან ერთად, ძრავიც ჩაქვრა და ჩვენებური რბოლას გამოეთიშა, რომელიც ასე კარგად დაიწყო...
ტრასზე ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. რესტარტზე ისევ ვერნი დაწინაურდა, კომინი კი, დაახლოებით იმ ადგილზე, სადაც რბოლას ქაჯაია გამოეთიშა, შეცდა, მაგრამ დამცავ ზოლში გადავიდა და მალევე დაუბრუნდა რბოლას. რბოლის მიწურულს, ვერნიმაც დაუშვა შეცდომა, რამაც სერგეი აფანასიევს დაწინაურების საშუალება მისცა, მაგრამ ფრანგმა უმალ შეუტია და ლიდერობაც იოლად დაიბრუნა. აფანასიევი მეორე ადგილს დასჯერდა, კომინიმ კი მესამე ადგილი დაიკავა. ამჯერად მხოლოდ მეცხრე იყო წინა რბოლის გამარჯვებული გრაჩოვი.
TCR-ის საერთაშორისო სერია, მე-5 ეტაპი
ზალცბურგი, 1-ლი რბოლა (17 წრე)
- მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა) 27:40.614
- ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 1.420
- მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 1.627
- ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 2.304
- ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 8.244
- ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 10.746
- დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 11.305
- სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 12.387
- ფლორიან იანიცი (ავსტრია, ფოლკსვაგენი) 12.864
- მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) 28.268
- დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 16 წრე
- პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 15 წრე
კვ. ხორდი ორიოლა (ესპანთი, ჰონდა) 8 წრე
კვ. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 2 წრე
კვ. ჰარალდ პროჩიკი (ავსტრია, ჰონდა) 2 წრე
კვ. პეტრ ფულინი (ჩეხეთი, ალფა რომეო) 1 წრე
ზალცბურგი, მე-2 რბოლა (17 წრე)
- ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 30:51.124
- სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 0.955
- სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 2.065
- ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 5.698
- მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 7.889
- ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 8.297
- ხორდი ორიოლა (ესპანთი, ჰონდა) 9.392
- ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 16.390
- მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა) 16.846
- ფლორიან იანიცი (ავსტრია, ფოლკსვაგენი) 31.036
კვ. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 7 წრე
კვ. ჰარალდ პროჩიკი (ავსტრია, ჰონდა) 5 წრე
კვ. მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
შენიშვნა: კვ. - კვალიფიცირებული არაა
კლასიფიკაცია 10 რბოლის შემდეგ:
1. სტეფანო კომინი - 120 ქულა; 2. პეპე ორიოლა - 119; 3. ჯეიმს ნეში - 112; 4. ჟან-კარლ ვერნი - 107; 5. ჯანი მორბიდელი - 107; 6. მატ’ო ჰომოლა - 102; 7. სერგეი აფანასიევი - 86; 8. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა); 9. მიხაილ გრაჩოვი - 58; 10. დავით ქაჯაია - 54; 11. დუშან ბორკოვიჩი - 47; 12. ატილა ტასი - 24...







