უკვე ორი რბოლაა, რაც „მერსედესის“ მთავარ კონკურენტად „რედ ბული“ დაწინაურდა. ავსტრიულმა გუნდმა ბარსელონას რბოლა მოიგო და მონაკოშიც ახლოს იყო გამარჯვებასთან, რასაც საკუთარი შეცდომის გამო ვერ მიაღწია. ბარსელონას რბოლა მაქს ფერსტაპენმა ძველი ძრავით მოიგო, მონაკოში კი ახალი ძრავით დანიელ რიკიარდომ კვალიფიკაციის მოგებით გაგავახსენა, რომ ხარები სულ ცოტა ხნის წინათ, ფ1-ში დომინირებდნენ.
დღეს კი გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ახალი ძრავის შესაძლებლობების სრულად გამოყენება, მონრეალის და ბაქოს რბოლებში იქნება შესაძლებელი. ის თვლის, რომ მონკოში გაუმჯობესებულმა ძრავმა მის პილოტებს წრეზე 0.2 წამი მოაგებინა, მონრეალსა და ბაქოში კი ძრავით მიღებული ხეირი მეტი იქნება, რადგან ეს ორივე ტრეკი, ძრავებისადმი უფრო მომთხოვნია, ვიდრე მონაკოს ვიწრო ქუჩები.
„ვფიქრობ, „რენომ“ შესანიშნავად იმუშავა. აშკარაა, რომ ჩვენს მანქანას ძალა მოემატა. აქ წრის დრო 0.2 წამით გავაუმჯობესეთ და იმედია, კანადასა და აზერბაიჯანში კიდევ უფრო მეტად ვიხეირებთ. პროგრესი აშკარაა. მის გარეშე, ჩვენ მონაკოში პოულს ვერ მოვიგებდით“, - ამბობს ჰორნერი.
მონკოშივე, „რედ ბულმა“ „რენოსთან“ არსებული კონტრაქტი ორი სეზონით გაახანგრძლივა. უფრო მეტიც, ფრანგულ კომპანიას კლიენტად თავისი მეორე გუნდი - „ტორო როსოც“ დაუბრუნა, რომელიც ამ სეზონში „ფერარის“ შარშანდელ ძრავებს იყენებს.







