საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მესამე მატჩს დღეს რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ბუქარესტში ერთადერთი ვარჯიში ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა დღეს გამართეს.
მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო. გიორგი ჭანტურიამ ბუქარესტში სავარჯიშო პროცესი ავსტრიულ შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა. 23 წლის ფეხბურთელი აღნიშნული მიზეზით დღეს რუმინეთთან შეხვედრაშიც არ იქნება. ფეხბურთელი გუნდთან ერთად რჩება და სავარჯიშო პროცესს სავარაუდოდ ხვალიდან განაახლებს.
რუმინეთის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩამდე ამხანაგური თამაში ტურინში უკრაინასთან 3:4 წააგო. საქართველოსთან მატჩის შემდეგ კი გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება და ევრო 2016-ის გახსნითი შეხვედრისთვის მოემზადება, რომელსაც რუმინეთი საფრანგეთთან გამართავს.
მატჩამდე 24 საათით ადრე არსებული მონაცემებით რუმინეთი-საქართველოს შეხვედრაზე დასასწრები 25 ათასი ბილეთი გაიყიდა. შეხვედრა ბუქარესტის მთავარ საფეხბურთო არენაზე თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. მატჩის სატელევიზიო რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ბუქარეტში გამართული ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა: "კარგია, რომ საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს, რადგან მწვრთნელს ეძლევა საშუალება, ნახოს ფეხბურთელები და შეარჩიოს ისინი მომავალი საკვალიფიკაციო ციკლისთვის. ალბათ ყველა ფეხბურთელს მიეცემა თამაშის შესაძლებლობა. ორი კვირაა ერთად ვართ, საკმაოდ კარგი მეტოქეები გვყავს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები. კარგი იქნება თავი გამოვიჩინოთ თითოეულ შეხვედრაში, ამიტომ მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ამ შეკრებიდან. კარგი თაობა მოდის და ამ თაობით შეიძლება კარგი შედეგის მიღწევა. სწორედ ასეთ თამაშებში უნდა დაანახონ საკუთარი თავი მწვრთნელს ფეხბურთელებმა".
"ყოველთვის მნიშვნელოვანია ამხანაგური მატჩები. ამ თამაშის შემდეგ რუმინეთი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, ჩვენთვის კი მოსამზადებელი მატჩია ახალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ვფიქრობ საინტერესო თამაში იქნება. ჩვენ ნებისმიერ გუნდთან მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით, ნებისმიერ მეტოქესთან თამაში მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ისეთ გუნდებთან,რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ.სამივე ამხანაგური მატჩი სწორედ ასეთ გუნდებთან გვაქვს. რუმინეთი კარგი ნაკრებია, შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი, ფეხბურთელები და ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები, მაგრამ ჩვენ ყველასთან თამაშისთვის მზად ვართ. ამხანაგურ თამაშებში ორი ფეხბურთელი გიორგი ლორია და ჯანო ანანიძე ვერ დაგვეხმარება" - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
სფფ-ის პრესსამსახური