ხვალიდან 29 აპრილის ჩათვლით, ჩელიაბინსკი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. რუსულ ევროპირველობას ერთი დამატებითი დატვირთვაც ექნება – სწორედ ამ შეჯიბრებით სრულდება ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო მარათონი. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა ჩელიაბინსკში ორი შემადგენლობა იახლა. ავსტრიელმა სპეციალისტმა განაცხადში გუნდის ყველა უმთავრესი კანდიდატი შეიყვანა.
საქართველოს ნაკრებს შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში ლიცენზია უკვე განაღდებული აქვს, მეშვიდეში – 66 კილოგრამში კი ლაშა შავდათუაშვილი მიზანთან ძალიან ახლოს დგას და შესაბამისად, სარეიტინგო ქულები მას ყველა თანაგუნდელზე მეტად სჭირდება.
უკვე ჩატარდა წილისყრა და ქართველთა წილზე საუბარს სწორედ შავდათუაშვილით დავიწყებთ. იგი 35 მონაწილეს შორის იმ 29-ში მოხვდა, რომლებიც ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვებიან. ამ მხრივ სალიცენზიო ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან – ლატვიელ დენის კოზლოვსთან შედარებით კი გაუმართლა, მაგრამ ფორტუნამ ბოლომდე მაინც არ გადმოხედა - პირველ მეტოქედ გამოცდილი და ტიტულოვანი არმენ ნაზარიანი ერგო. 29 წლის სომეხი ევროპის 2005 წლის ჩემპიონი, აგრეთვე კონტინენტის პირველობის ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს მედლების მფლობელია. ნაზარიანის ძლევის შემთხვევაში ლაშა შავდათუაშვილი მერვედფინალში უკრაინელ სერგეი დრებოტსა და ბელგიელ იასპერ ლეფევერს შორის მოგებულს შეხვდება. სატურნირო ბადის ამავე მეოთხედშია ევროპირველობაზე პირველ ნომრად განთესილი რუსი, ალიმ გადანოვი. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი ქართველის სავარაუდო მოწინააღმდეგეები უნგრელი მიკლოშ უნგვარი, ესპანელი სუგოი ურიარტე და ფრანგი დიმიტრი დრაგინი იქნებიან.
ამავე წონით კატეგორიაში ლონდონის საგზურისთვის შალვა ქარდავაც იბრძოლებს, მაგრამ თანაგუნდელისგან განსხვავებით, მას მიზნის მისაღწევად გაცილებით შედეგიანი გამოსვლა დასჭირდება. მეთექვსმეტედფინალში ქარდავა რუს კამალ ხან-მაგომედოვს დაუპირისპირდება, ხოლო თუ დაამარცხებს, მაშინ - მოლდოველ იგორ სოროკასა და აზერბაიჯანელ ტარლან კარიმოვს შორის უძლიერესს.
66 კილოგრამში ჩემპიონ-პრიზიორები ოთხდღიანი ტურნირის პირველსავე დღეს გამოვლინდებიან, ისევე, როგორც 60 კილოგრამში. უმსუბუქეს წონაში საქართველოს სახელით ბეთქილ შუკვანი და ამირან პაპინაშვილი იჭიდავებენ. შუკვანი, რომელიც ევროპის მოქმედი ვერცხლის პრიზიორია, ჩემპიონატს რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძესთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში ესტონელი ელნურ ალიევისა და ჩეხი პაველ პეტრიკოვის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. მეოთხედფინალში სავარაუდოდ სომეხ ჰოვანეს დავთიანს გადაეყრება, ხოლო ნახევარფინალში ბეთქილ შუკვანის გზა უკრაინის სახელით მოჭიდავე ტიტულოვანი ქართველის – გიორგი ზანთარაიას გზას უერთდება.
პაპინაშვილის პირველი მეტოქე სლოვენიელი მატიაზ ტრბოვჩია. გამარჯვების შემთხვევაში კი ებრაელ არტიომ არშანსკისა და ფინელ ვალტერი იოკინენს შორის მოგებულს შეხვდება. მეოთხედფინალში ამირანის სავარაუდო მეტოქეები ჰოლანდიელი ხეროენ მუურენი და შვეიცარიელი ლუდოვიკ ჩამარტინი არიან. ნახევარფინალში – რუსი ბესლან მუდრანოვი და იტალიელი ელიო ვერდე.
27 დეკემბერს მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, 28 დეკემბერს დარჩენილ სამ წონაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში, 29-ში კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაში გამოვლინდებიან.
ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ევროპირველობას უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკასთან შეხვედრით გახსნის. ზებედა რეხვიაშვილის (73 კგ) პირველი მეტოქე უკრაინელი კონსტანტინ ანანჩენკო იქნება. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას შეხვდება, ლევან წიკლაური (81 კგ) – უნგრელ ლასლო სზონიაის, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) – ესპანელ დავიდ ალარზას, ზურაბ ზვიადაური (90 კგ) – სლოვაკ მილან რანდლის, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) – პოლონელ რაფალ ფილეკსა და უნგრელ ბალინტ ფარკაშს შორის მოგებულს, ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) – ლატვიელი იევგენის ბოროდავკოსა და სომეხი ჰაკობ არაქელიანის წყვილიდან გასულს, ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) – რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს, ხოლო ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) – ავსტრიელ დანიელ ალერშტორფერს.
ევროპის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 180 სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებენ, ფინალში წაგებულები – 108 ქულას, ბრინჯაოსნები - 72-ს და ასე შემდეგ.
ოთარ მაღლაკელიძე







