საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ამ უქმეებზე ანთალიაში ჩატარებულ ევროპის თასზე მოლოდინისამებრ, ხვავრიელად იჭიდავა. გია თენაძის გაწვრთნილმა ვაჟებმა და გოგონებმა ერთობლივად 14 მედალი მოიპოვეს. ვაჟების ანგარიშზე 12 მედალია – 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 5 ბრინჯაოსი.
ყველაზე შედეგიანად ქართველი სპორტსმენები 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ - სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს. ბექა ნათათრალიშვილი ჩემპიონი გახდა. მან ფინალში ერეკლე არხოზაშვილს მოუგო. მესამე საპრიზო ადგილი კი გიორგი კაციაშვილმა დაიკავა. 66 კილოგრამშიც ქართული ფინალი შედგა – ზაზა მეგრელიშვილმა ბაჩანა ბოლქვაძე დაამარცხა.
კობა მჭედლიშვილს (60 კგ), დავით რამაზაშვილსა (90 კგ) და ზაზა გოჯიაშვილს (+90 კგ) ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდათ.
ერთადერთი წონითი კატეგორია, რომელშიც სამეული საქართველოს ნაკრების წევრის გარეშე შეივსო, 73 კილოგრამია. ტატამზე 5 ქართველი გავიდა და მათგან საუკეთესო შედეგი ვანო ჩურჩხელაშვილმა აჩვენა, რომელმაც ევროპის თასი მეხუთე ადგილით დაასრულა. დანარჩენ წონებში ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ირაკლი კუპატაძე (50 კგ), ნიკა მოველიძე (81 კგ), გიორგი გველესიანი (90 კგ) და გიორგი ძებისაშვილი (+90 კგ).
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ტურნირზე სულ 48-კაციანი შემადგენლობით იჭიდავა და გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ რუსეთს (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) ჩამორჩა.
გოგონების გუნდი მხოლოდ 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და მათგან ორმა: მარიამ ჯანაშვილმა და გურანდა შოთაძემ (ორივე 57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მარტის ბოლოს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები უკრაინაში გაემგზავრება და 31 მარტსა და 1 აპრილს კიევურ ევროპის თასზე იჭიდავებს.
ძიუდო
ევროპის თასი
ჭაბუკები
ანთალია
17-18 მარტი
ვაჟები
50 კგ
1 ელნურ აბასოვი (აზერბაიჯანი)
2 სადიგ გურბანოვი (აზერბაიჯანი)
3 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)
3 პაველ პატაკოვი (რუსეთი)
55 კგ
1 ბექა ნათათრალიშვილი (საქართველო)
2 ერეკლე არხოზაშვილი (საქართველო)
3 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)
3 საბუხი გაჯიევი (რუსეთი)
60 კგ
1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)
3 სამველ ჩაკრა (რუსეთი)
3 მანუჩარ კოდირი (რუსეთი)
7 ბექა სეხნიაშვილი (საქართველო)
7 ბექა უდესიანი (საქართველო)
66 კგ
1 ზაზა მეგრელიშვილი (საქართველო)
2 ბაჩანა ბოლქვაძე (საქართველო)
3 პეტარ ზადრო (ბოსნია ჰერცეგოვინა)
3 მუსა კოძოევი (რუსეთი)
73 კგ
1 რუსლან გოდიზოვი (რუსეთი)
2 ზაურ რამაზანოვი (რუსეთი)
3 ისლამ აბანოზი (თურქეთი)
3 გამზატ ზურგარაევი (რუსეთი)
5 ვანო ჩურჩხელაშვილი (საქართველო)
81 კგ
1 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
2 მაგომედრასულ კუზგოვი (რუსეთი)
3 ნიკა მოველიძე (საქართველო)
3 იზმაელ ნაგოევი (რუსეთი)
5 ბექა შერაზადაშვილი (საქართველო)
7 კახი ლიპარტელიანი (საქართველო)
90 კგ
1 კარლენ პალიანი (რუსეთი)
2 დავით რამაზაშვილი (საქართველო)
3 გიორგი გველესიანი (საქართველო)
3 ალექსანდრ ვორობიევი (რუსეთი)
7 დავით ოზბეთელაშვილი (საქართველო)
+90 კგ
1 მაჰამედ ხასიევი (რუსეთი)
2 ზაზა გოჯიაშვილი (საქართველო)
3 გიორგი ძებისაშვილი (საქართველო)
3 რუსლან შაკბაზოვი (რუსეთი)
5 ბაქარ კუხიანიძე (საქართველო)
7 გიორგი ფარადაშვილი (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე







