ფეხბურთი

1:41 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი – ალბათ, “მაკაბიში” შოთა არველაძესთან ერთად

დიდი ალბათობით, გიორგი დევდარიანი თელ ავივის “მაკაბიში” დაიწყებს მუშაობას, სადაც შოთა არველაძის თანაშემწე გახდება. 43 წლის დევდარიანი თებერვლიდან თბილისის “ლოკომოტივის” 1998-1999 წელს დაბადებულთა გუნდს წვრთნიდა, რომელიც ჭაბუკთა ლიგაში გამოდის. ამ სეზონის დასაწყისში კი არველაძის ასისტენტი იყო “ტრაბზონსფორში”.
Worldsport.ge დევდარიანს დაუკავშირდა:
“დიახ, ალბათ, “მაკაბიში” წავალ შოთასთან ერთად. თავად მე არ ვყოფილვარ ისრაელში, მაგრამ შოთა მელაპარაკა. რამდენიმე დღეში გადაწყდება ჩემი საკითხი და ალბათ, დადებითად”.
დევდარიანი საქართველოს მასშტაბით გამოცდილი მწვრთნელია, პრო-ლიცენზიასაც ფლობს და საინტერესოა, საქართველოდან თუ ჰქონდა შემოთავაზება ბოლო თვეების განმავლობაში.
“არანაირი წინადადება. ეტყობა, განებივრებულები ვართ მწვრთნელებით და მე საჭირო აღარ ვარ. არადა, რეალური სურათი სხვაა: მწვრთნელების აშკარა დეფიციტია. “ლოკომოტივის” ჭაბუკთა გუნდის გარდა, ჩემთვის როგორ არ გამოიძებნა ადგილი, ვერ ვხვდები. “დილაში” მუშაობის შემდეგ, პრო-ლიცენზია ავიღე და როგორც მწვრთნელი განვვითარდი, მაგრამ ვის აინტერესებს? მწვრთნელისთვის გაჩერება უკუსვლას ნიშნავს და წავალ შოთასთან ერთად “მაკაბიში”. ეტყობა, ქართულ კლუბებში არ სჭირდებათ ხალხი, რომლებსაც განსხვავებული აზრი ექნებათ და ყველას ჭკუაზე არ გაივლიან”.
ვწერდით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ თელ ავივის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, 23-ჯერ გამხდარა ჩემპიონი.

0.122121