კალათბურთში საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში უაღრესად დაძაბული გამოდგა ,,სოხუმისა’’ და ,,ქუთაისი 2010’’-ის დაპირისპირება, რომელშიც ზღვისპირელები მომავალ ჩემპიონთან მინიმალური სხვაობით 2:3 დამარცხდნენ. ამას გარდა, "სოხუმმა" საქართველოს თასისა და ზურაბ საკანდელიძე მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალშიც ითამაშა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გუნდისთვის, რომელმაც XXIV ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, VII ადგილი დაიკავა, წლევანდელი სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. ,,მსოფლიო სპორტი’’ ,,სოხუმის’’ მთავარ მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიას ესაუბრა:
- 2015-2016 წლების სეზონში ,,სოხუმის’’ მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ხართ?
- ჩემპიონატის დაწყების წინ ჩვენი პროგრამა- მინიმუმი პლეი-ოფში გასვლა იყო. მოკლე სათადარიგო სკამის მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით და ამის გარდა, საქართველოს თასისა და საკანდელიძე- ქორქიას მემორიალის ფინალშიც ვითამაშეთ. ამის გათვალისწინებით, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ.
- პლეი-ოფში ,,სოხუმის’’ დამარცხების მიზეზი რა იყო?
- მოკლე სათადარიგო სკამი. მთელი სეზონის სიმძიმემ ძირითადად 6-7 კალათბურთელზე გადაიარა. სწორედ ეს იყო ნახევარფინალში ჩვენი დამარცხების მიზეზი, რადგან ხუთი მატჩის ჩატარება მოგვიწია და გუნდი გადაიღალა.
- სეზონის დაწყების წინ რატომ არ გაითვალისწინეთ, რომ მოკლე სათადარიგო სკამის გამო, რომელიმე ტურნირის მოგება ან ჩემპიონატში ერთ ერთი სინჯის მედლის მოპოვება გაგიჭირდებოდათ ?
- კი ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ გრძელი სკამისათვის დიდი ფულია საჭირო.
- სახელმწიფო ხომ გაფინანსებთ ?
- გვაფინანსებს, მაგრამ ეს თანხა არაა საკმარისი კარგი გუნდის გასაკეთებლად.
- რა თანხით გაფინანსებთ სახელმწიფო?
- სახელმიფო 450 000 ლარით გვეხმარება. აქედან 57 000 ფედერაციაში შეგვაქვს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის.
- ჩემპიონატში სამონაწილეო თანხა სხვა გუნდებსაც ხომ შეაქვთ ?
- რა თქმა უნდა, სხვა გუნდებსაც შეაქვთ, მაგრამ ჩვენ მეტი გვეხარჯება, რადგან ჩვენი კლუბი ერთადერთია, რომელსაც სხვებისაგან განსხვავებით, ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში გამოჰყავს გუნდი. უმაღლესი ლიგის გარდა ეს არის 14, 16, 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატები. ცოტა ხნის წინ დასრულებულ 20 წლამდელთა ჩემპიონატში ჩვენი გუნდი პირველ ადგილზე გავიდა.
- და რა თანხაა საჭირო კარგი გუნდის გასაკეთებლად?
- დახლოებით 700-800 ათასი ლარი.
- სახელმწიფოს გარდა სპონსორი თუ გყავთ?
- არა.
- რატომ?
- საქართველოში ძნელია სპონსორი მოიძიო კალათბურთში.
- ,,სოხუმის’’ კალათბურთელებიდან ყველაზე კარგად ვინ ითამაშა?
- როგორც უკვე აღვნიშნე, მოკლე სკამი გვქონდა და სეზონის მთელმა სიმძიმემ ძირითადად 6-7 კალათბურთელზე გადაიარა. რომელიმე მათგანის გამოყოფისაგან თავს შევიკავებ.
- ლეგიონერების თამაშით კმაყოფილი დარჩით?
- ორი ლეგიონერი ფილიპ მილერი და ანდრე სმიტი გვყავდა. მილერი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ხოლო სმიტმა შედარებით მოკრძალებული შედეგი აჩვენა.
- მეთიუ გლოვერიც ხომ თამაშობდა თქვენთან?
- თამაშობდა, მაგრამ გუნდის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და მის ნაცვლად სმიტი ავიყვანეთ.
- მომავალი სეზონისათვის მილერის დატოვებას ხომ არ აპირებთ?
- ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, მილერს სიამოვნებით დავიტოვებდით.
- ახალ სეზონში ,,სოხუმში’’ რა სიახლეებს უნდა ველოდეთ ?
- ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი თანხებზე იქნება დამოკიდებული.
- ,,სოხუმი’’ ახალი სეზონისათვის როდის შეიკრიბება?
- დაახლოებით, აგვისტოში.
- წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატი ორის ნაცვლად ოთხი წრისაგან შედგებოდა. თქვენი აზრით ამ ცვლილებამ გაამართლა?
- დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ამ ცვლილებისათვის. ამან ნამდვილად გაამართლა. კალათბურთელებს ხშირად უწევდათ თამაში და მუდამ ფორმაში იმყოფებოდნენ.
- გუნდებში ლეგიონერების რაოდენობაზე რას გვეტყვით? როცა თითოეულ გუნდს შეუძლია მაქსიმუმ ოთხი ლეგიონერი აიყვანოს და ერთდროულად მაქსიმუმ სამი ათამაშოს, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს აღარ უწევთ თამაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენად გამართლებულია გუნდში ამდენი ლეგიონერის ყოფნა?
- აჯობებს თუ მოედანზე მაქსიმუმ ორი ლეგიონერი იქნება.
- ჩვენი საუბრის ბოლოს, საქართველოს ახალ ჩემპიონ ,,ქუთაისი 2010’’-ს შესახებ რას გვეტყვით?
- ვულოცავ ქუთათურებს ამ წარმატებას. კარგი გუნდია და ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვეს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქუთაისელი გულშემატკივრები და გუნდის ფანკლუბი. გადაჭედილ ტრიბუბებსა და ისეთ გულშემატკივრობას, როგორიც ქუთაისშია, სუპერლიგის ნებისმიერი გუნდი ინატრებდა.