მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრები კლუბის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს გუნდში დარჩენას სთხოვენ. როგორც MARCA იუწყება, მხარდამჭერები "ატლეტიკოს" სპორტულ მაღაზიასთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ - "ჩოლო დარჩი".
როგორც ესპანურმა გამოცემებმა გასულ დღეებში დაწერეს, სიმეონე ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ კლუბის დატოვებაზე სერიოზულად დაფიქრდა. ასევე, არგენტინელმა სპეციალისტმა "როხიბლანკოსის" ხელმძღვანელობას მაღალი დონის ფეხბურთელების ტრანსფერები მოსთხოვა, რათა გუნდმა რაიმე შედეგს მიაღწიოს.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი სეზონის განმავლობაში "ატლეტიკო" ფინალში ორჯერ გავიდა და ორივე შემთხვევაში თანაქალაქელ "რეალთან" წააგო. ლა ლიგაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი გუნდმა ჩემპიონის ტიტული ერთხელ მოიგო, ხოლო სამჯერ მესამე ადგილზე გავიდა.