ვიტალი დარასელიას ხსოვნის რვაგუნდიანი ტურნირი ჰოლანდიის “ალკმაარმა” მოიგო, რომელმაც თბილისის “დინამოს” ფინალში 2:0 მოუგო. ფინალური შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა და ძალიან დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება, თუმცა ბენილუქსელმა ჭაბუკებმა შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გახსნეს ანგარიში, მეორე ბურთი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს.
“ალკმაარს” ჰქონდა მშვენიერი შანსი და რიერის ახლოდან დარტყმული ძელმა მოიგერია. თავის მხრივ, გიორგი კუციას შორიდან გასროლილი ხარიხამ აისხლიტა, იმ მომენტში მეკარე იესპერ შენდელაარმაც მოახერხა რეაგირება.
დინამოელთაგან სხვებზე აქტიურები იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე და სულიკო დავითაშვილი. ეს უფრო ჩაკვეტაძეზე ითქმის. Eრტი კი არის, ხისტი და ხშირად უხეშობაში გადაზრდილი თამაში ვიხილეთ, მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ კი სამი ფეხბურთელი გააძევა: ორი ჰოლანდიელი და ერთიც, დინამოელთა მეკარე დემეტრე ბულესკირია. თუმცა, კაცნაკლულნი არ დარჩენილან გუნდები, გაძევებულები სხვა ფეხბურთელებმა შეცვალეს.
გოლებს რაც შეეხება: 78-ე წუთზე ჰოლანდიელთა კუთხურს ჯასტინ დე ჰაასის ზუსტი თავური მოჰყვა. გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი, “ალკმაარის” კონტრშეტევას კი ბადუს ჩაწოდება და 13 წლის დე იონგის ახლოდან ზუსტი დარტყმა მოჰყვა. დე იონგი 2002 წელსაა დაბადებული, სხვებზე ლამის ორი თავით დაბალი გახლდათ.
მეკარე იესპერ შენდელაარი, ცენტრალური მცველი ჯოი ჯაკობსი, მარჯვენა მცველი რობინ ლატუვერსი, საყრდენი ნახევარმცველი ჯუსტინ დე ჰაასი და ფორვარდი მირონ ბადუ – “ალკმაარის” ეს ფეხბურთელები ჰოლანდიის 16-წლამდელთა ნაკრებში არიან.
ბოლოს იყო დაჯილდოვება: ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ჯოი ჯაკობსი (ალკმაარი), საუკეთესო ბომბარდირი - თამაზ ბაბუნაძე (დინამო), საუკეთესო მეკარე - იესპერ შენდელაარი (ალკმაარი), თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული სამართლიანის თამაშის პრიზი კი “ტრაბზონსპორის” კაპიტანს - აჰმედ ჰაკანს მისცეს. ეს ფეხბურთელი, “ტრაბზონსფორის” 11 ნომერი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ტურნირზე. ძალიან ნიჭიერი ფლანგელი შემტევია.
ალკმაარი-დინამო 2:0
გოლები: 1:0 დე ჰაასი (78), 2:0 დე ბური (80+3)
ალკმაარი: შენდელაარი, ბადუ, ენსი, ფასე, დე ჰაასი, იაკობსი, კოოპმაინერსი, ლატუვერსი, ნინგ-ჰინგი, რიერი, ვან დერ ვახტი
შეცვლაზე შევიდნენ: ტააბუნი, ლონტი, ჰელმერი, დე ბური
დინამო: ბულისკერია, ნინუა, ხარაბაძე, ბასარია, ბაბუნაძე, კუცია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, ბ. ხარშილაძე, ჯიჭონაია, გ. ხარშილაძე
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, დარცმელია, ჩიქოვანი
მესამე ადგილისთვის მატჩში “ტრაბზონსფორმა” 4:0 მოუგო თბილისის “ლოკომოტივს”. არადა, ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ და “ლოკომ” 2:0 სძლია თურქებს. დღეს კი თურქები უფრო მხნედ და მწყობრად გამოიყურებოდნენ, ხოლო “ლოკომოტივი” გადაღლილი ჩანდა.
მეხუთე ადგილზე გავიდა თბილისის “დინამო2”, რომელმაც პენალტების სერიაში აჯობა პოლონურ “ლეხიას” (0:0, პენალტებით 5:4). მეშვიდეზე გავიდა მოლდოვის “შერიფი”, ვისაც დღეს 3:0 ტექნიკური მოგება ჩაეთვალა. საქმე ისაა, რომ მეტოქე “ბეშიქთაშმა” 11 ფეხბუღთელი ვერ მოაგროვა: ზოგი ფეხბურთელი ტრავმირებულია, ზოგსაც მაღალი ტემპერატურა აქვსო.
მთლიანობაში, ძალიან სასარგებლო და ქართველთათვის გამოცდილების მომტანი ტურნირი იყო. მადლობა ეკუთვნის “დინამოს” და მის პრეზიდენტ რომან ფიფიას. ქართველი ჭაბუკები განებივრებულნი არ არიან ასეთი დონის თამაშებით, საერთაშორისო გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს.
ტურნირი ყოველწლიური გახდება და როგორც “დინამოს” ხელმძღვანელობამ განაცხადა, მომავალში უფრო ძლიერი გუნდებიც ჩამოვლენ. ითქვა “ბარსელონაზე”, “ატლეტიკოზე”, “ლაციოზე”...
ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი მართლაც კარგ დონეზე ჩატარდა და ვინ იცის, რამდენი მომავალი მაღალი კლასის ფეხბურთელი ვნახეთ და ვინ იცის, რამდენს გავიხსენებთ, აი, 2016 წლის მაისში თბილისში რომ ითამაშესო...