ავტოსპორტი

3:11 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რენო“ მომავალ სეზონში ძრავებით „რედ ბულს“ და „ტორო როსოს“ მოამარაგებს

მომავალი სეზონიდან, „რენო“ საკუთარი გუნდის გარდა, ძალური დანადგარებით კიდევ ორ გუნდს - „რედ ბულს“ და „ტორო როსოს“ მოამარაგებს. ფრანგულმა კომპანიამ მონაკოს დიდი პრიზის შემდეგ, ამ ორ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის შესაბამისადაც, „რედ ბულის“ ორივე გუნდი, ძრავებს მომდევნო ორ სეზონში მიიღებს.

გასული სეზონის შემდეგ, „ტორო როსომ“ „ფერარისთან“ გააფორმა ძრავების კონტრაქტი, „რედ ბული“ კი „რენოსთან“ ურთიერთობის გაწყვეტას ცდილობდა. მაგრამ გამოუვალი მდგომრეობის გამო, მის ძრავებზე დარჩა. ოღონდ მათ საათების მწარმოებელი „TAG ჰოიერის“ მარკით ღებულობს და მომავალ სეზონშიც მისი სახელით მიიღებს. მაგრამ მონაკოს დიდ პრიზზე „რენოს“ ახალი აგრეგატი მიიღო, რამაც „რედ ბულის“ კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. პარალელურად, ფრანგული კომპანია ხარებს ურჩევდა, რომ ძრავებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ბრიტანულ ეტაპამდე მიეღო.

„რენო“ „რედ ბულს“ ძრავებს 2007 წლის სეზონიდან აწვდის. მათ ერთად მსოფლიო ჩემპიონის ოთხი ტიტული და კონსტრუქტორთა ოთხი თასი (2010-2013 წლებში) მოიგეს. მაგრამ შარშანდელი სეზონის შემდეგ, „რედ ბულმა“ პარტნიორზე გული აიყარა. ამის მიზეზი, მისი ძრავების სისუსტე და არასაიმედობა იყო. სხვათა შორის, დაახლოებით მსგავსი სიტუაცია 2009 წლის სეზონშიც შეიქმნა და მაშინ „რენომ“ შეძლო ძრავის გაუმჯობესება. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასეთი პირი უჩანს.

რაც შეეხება „ტორო როსოს“, იტალიური გუნდი ამ სეზონში „ფერარის“ შარშანდელ აგრეგატებზე გადავიდა. თან ამ სეზონისთვის შასის მომზადება გვიან დაიწყო, რადგან კარგა ხანს ძრავის საკითხი გაურკვეველი იყო. და ამის მიუხედავად, თავის ისტორიაში, რომელიც „მინარდის“ სახელით დაიწყო, საუკეთესო სეზონს ატარებს. „ტორო როსოს“ სახელით გუნდმა გამოსვლა 2006 წლის სეზონიდან დაიწყო. მაშინ ის „კოსუორტის“ ძრავებით სარგებლობდა. შემდეგი სეზონიდან კი „ფერარიზე“ გადავიდა და 2013 წლამდე მარანელოელთა ძრავებით სარგებლობდა. ფაენცელებმა 2014 წლიდან „რენოს“ ძრავებზე გადაინაცვლეს, ორი სეზონის შემდეგ კი ისევ „ფერარის“ დაუბრუნდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096631