ფეხბურთი

18:59 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შაშიაშვილი: "დინამოს” ევროსარბიელზე კარგი სახე ექნება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი და თბილისის “დინამოს” კაპიტანი გიორგი შაშიაშვილი ამჟამად “დინამოს” აკადემიაში ბავშვებს ავარჯიშებს. შაშიაშვილი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც 2004-2005 წლების სეზონში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა. მოგეხსენებათ, ეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

გიორგის ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დინამოს” შანსზე ვკითხეთ. როგორც მან worldsport.ge-ს განუცხადა, ევროტურნირებზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წარმატებით გამოსვლის ეიმედება.

“ვფიქრობ, წელს საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. ვიცით, სავარაუდოდ პირველ ეტაპზე რა გუნდებიც შეიძლება შეგვხვდეს და აქედან გამომიდინარე ვთვლი, რომ “დინამოს” ევროსარბიელზე კარგი სახე ექნება და დიდი იმედი გვაქვს ყველას, რომ წარმატებას მივაღწევთ”, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას 36 წლის ექსფეხბურთელმა.

შაშიაშვილს ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზეც დავეკითხეთ:

“საკმაოდ ნიჭიერი, პერსპექტიული თაობაა და ჩემი აზრით, ის თაობაა, რომელსაც ამ ჩავარდნის შევსება და დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია”, - გვითხრა გიორგიმ.

გიორგი შაშიაშვილმა აქტიური საფეხბურთო კარიერა 2014 წლის გაზაფხულზე დაასრულა. იგი “დინამოში” 1996-2005, 2006 და 2013-2014 წლებში თამაშობდა. მის ქართულ კარიერაში ასევე იყო გორის “დილა” (2012-2013) და თბილისის “თსუ” (1998-1999). რაც შეეხება უცხოურ კარიერას – ვლადიკავკაზის “ალანია”, ოდესის “ჩერნომერეცი”, გრაცის “შტურმი” და ბერძნული “ერგოტელისი”. სხვთა შორის, “ალანიას” თუ არ ჩავთვლით, გიორგი ყველგან სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი, 2001-2010 წლებში 30 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა – 2006 წლის ოქტომბერში, იმხანად მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონს მეტად მოხდენილი გოლი გაუტანა...

0.114148