ფეხბურთი

16:28 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ლიპარტია: “ნაკრებს რომ არ ვიმსახურებდე, გულიც არ დამწყდებოდა”

ჯაბა ლიპარტია წლეულს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველებიდან, გიორგი არაბიძეს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე ძლიერ გუნდში სწორედ ლიპარტიაა: ის ლუგანსკის “ზორიაში” თამაშობს, გუნდში დაფასებული ფეხბურთელია და სწორედ მისმა გოლმა დიდად განაპირობა ლუგანსკელთა გასვლა უკრაინის თასის ფინალში.

ლიპარტია თბილისშია და Worldsport.ge მას გაესაუბრა:

- როგორ შეაფასებდი გასულ სეზონს პირადად შენთვის?

- ვფიქრობ, წინანდელზე უკეთესი იყო. უფრო მეტი თამაში მიწევდა, გოლები და საგოლე პასებიც საკმაოდ დამიგროვდა. თანაც, “ზორია” დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში პირველად გავიდა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. პირდაპირ ჯგუფში მოვხვდით.

- ადრეც, ერთხელ იყავით ძალიან ახლოს, კერძოდ, შარშანწინ...

- სამწუხაროდ, ბოლო წუთზე გაგვიტანეს, თორემ გავდიოდით ჯგუფურ ეტაპზე. შარშან კი პოლონეთის “ლეგიამ” მოგვიგო ფლეი-ოფში.

- უკრაინის პრემიერლიგა საკმაოდ ძლიერია და “ზორიამ” წარმატებას რის ხარჯზე მიაღწია?

- ამ ფინანსური კრიზისის პერიოდში შედარებით ნორმალური პირობები გვაქვს, კარგი ფეხბურთელები გვყავს. რა თქმა უნდა, “შახტარსა” და “დინამოს” ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენსას ვცდილობთ. “შახტარიდან” გვყავს არენდით აყვანილი ფეხბურთელები, საკმაოდ კარგი შემადგენლობაა “ზორიაში”.

- 6 წელია, “ზორიაში” თამაშობ და შეეჩვეოდი გუნდს. ზაფხულში ხომ არ აპირებ კლუბის შეცვლას?

- არა, კონტრაქტი გაისად ზაფხულს მიმთავრდება. დიდი ალბათობით, ამ სეზონსაც “ზორიაში” გავატარებ. იქ უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ გიწვევენ. რას იტყვი ამაზე?

- არ ვიცი. ჩემამდე ვერ დადის, თუ რატომ არ მიძახებენ. რომ არ ვიმსახურებდე, გულიც არ დამწყდებოდა. უკრაინის პრემიერლიგა საკმაოდ ძლიერია და მაინტერსებს, ბევრი ქართველი ფეხბურთელი ხვდება ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე? ვლადიმირ ვაისმა თურმე არ იცის ჩემს შესახებ. რატომ არ უნდა იცოდეს, ვერ ვხვდები. ადრე ამბობდნენ, ლიპარტია ნაკრების სქემაში ვერ ჯდებაო.

- სქემაში ვერ ჯდებაო, როდის თქვეს?

- კახა ცხადაძეს უთქვამს, ტიპიური გამთამაშებელიაო. ეგ ამპლუა ფეხბურთში აღარ არსებობს, ასე რომ, ნამდვილად არ ვარ ტიპიური გამთამაშებელი. ხან საყრდენად, ხან ინსაიდად ვთამაშობ. მეტწილად შუაში ვთამაშობ, თუმცა როცა გუნდს სჭირდება, ზოგჯერ მიწევს ფლანგზე გადასვლა. “ზორიადან” რამდენიმე ფეხბურთელი უკრაინის ნაკრებშია, ბელარუსის ნაკრებშიც გვყავს ერთი კაცი და აქ უკვირთ, საქართველოში რატომ არ გიწვევენო. არ ვიცი, პასუხი არ მაქვს.

0.13543