ფეხბურთი

19:02 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკამ “ბრაგა” დატოვა და “შახტარს” გაწვრთნის

პორტუგალიური “ბრაგას” მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ თანამდებობა დატოვა. A Bola-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი ფონსეკას ინიციატივით შეწყდა და 43 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი დონეცკის “შახტარს” ჩაუდგება სათავეში.

უკრაინულ კლუბში ფონსეკა მირჩა ლუჩესკუს შეცვლის, რომელმაც ცოტა ხნის წინ სანქტ პეტერბურგის “ზენიტი” ჩაიბარა. წყაროს ცნობით, დონეცკელები ახალ მწვრთნელთან კონტრაქტს ორშაბათს გააფორმებენ.

ფონსეკამ სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს დაიწყო, თუმცა აქამდე პორტუგალიის ფარგლებს გარეთ არასდროს უმუშავია. პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში მისი სამწვრთნელო დებიუტი 2012-2013 წლების სეზონში “პასუშ დე ფერეირას” თავკაცის რანგში შედგა და გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა. 2013 წლის ზაფხულში “პორტუს” ჩაუდგა სათავეში და მალევე ქვეყნის სუპერთასი მოიპოვა, თუმცა 2014 წლის მარტში თანამდებობა დაატოვებინეს, საიდანაც ისევ “პასუშ დე ფერეირას” დაუბრუნდა. ის 2015 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა“ბრაგას”, რომელთან ერთად ქვეყნის თასი მოიპოვა, ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალში გააღწია, სადაც სწორედ “შახტართან” დამარცხდა, ეროვნულ ჩემპიონატში კი მისმა შეგირდებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს.

0.117801