სპეციალური ოლიმპიური კვირეულის ფარგლებში ქალაქ თბილისის მე-200 საჯარო სკოლის სტადიონზე ფეხბურთში ფინალური მატჩი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს 198-ე და მე-200 სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირი მე-200 სკოლის გამარჯვებით 9:4 დასრულდა.
ფინალურ მატჩს ფონდი არველაძის დამფუძნებლები რევაზ და არჩილ არველაძეები დაესწრნენ.
ფონდის ხელმძღვანელებმა გამარჯვებულ და დამარცხებულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა უკვე რამდენიმე წელია ფონდი არველაძის პარტნიორი ორგანიზაციაა.
ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ არველაძე კი სპეციალური ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩია.
აღნიშნული ტურნირის მიზანი სპორტისა და ფიზიკური კულტურის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციაა.
საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის პროგრამის განვითარება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ძირითადი მიმართულება კი მასიურობის გაზრდა და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებაა.
აღნიშნული პროგრამის განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პატარა ასაკიდან ეხმარება, რათა მათ ჰქონდეთ ვარჯიშისა და განათლების მიღების საშუალება.
''ფონდი არველაძე საქართველოს სპეციალურ ოლიმპიადასთან უკვე წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს. აღნიშნულ ორგანიზაციას დიდი წვლილი შეაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ეს არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ვალია. დღეს დავესწარით ფინალურ მატჩს, ვიხილეთ ბევრი გოლი და სასიამოვნო თამაში. ფონდი არველაძე ყოველთვის იქნება აღნიშნული და მსგავსი ტურნირების მხარდამჭერი.'' - განაცხადა რევაზ არველაძემ.







