ჭადრაკი

23:02 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანი გაშიმოვის მესამე მემორიალს მასპინძლობს

საჭადრაკო სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს უდროოდ გარდაცვლილი აზერბაიჯანელი მოჭადრაკის ვუგარ გაშიმოვის სახელობის ტურნირი, რომელსაც მისი მშობლიური ქალაქი შამქორი მასპინძლობს.

საერთაშორისო დიდოსტატი ვუგარ გაშიმოვის ყველაზე დიდი წარმატება მსოფლიო რეიტინგში მეექვსე ადგილია. 2008 წელს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვერცხლი, ხოლო მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. იყო მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2014 წელს 27 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ თავის ტვინის სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.

ვუგარ გაშიმოვის წინა ორი მემორიალი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს (ნორვეგია ) აქვს მოგებული. წელს კარლსენი არ მონაწილეობს, მაგრამ სამაგიეროდ მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი( რუსეთი, 2779) თამაშობს. ტურნირში სულ 10 მონაწილეა, მათ შორისაა ქალთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანი ( ჩინეთი, 2663). ზემოაღნიშნული მოჭადრაკეების გარდა ტურნირში ფაბიანო კარუანა ( აშშ, 2804), ანიშ გირი ( ჰოლანდია, 2790), პაველ ელიანოვი ( უკრაინა, 2765), პენტალა ჰარიკრიშნა ( ინდოეთი, 2763) და აზერბაიჯანის 4 წარმომადგენელი შახრიარ მამედიაროვი ( 2748), თეიმურ რაჯაბოვი ( 2726), ელტაჯ საფარლი ( 2664) და რაუფ მამედოვი ( 2645) მონაწილეობენ.

ასპარეზობა ერთ წრედ, 9 ტურად ტარდება. ტურნირი დღეს დაიწყო და 4 ივნისს დასრულდება. 31 მაისი დასვენების დღეა.

პირველი ტურის პარტიები, სადაც ერთმანეთს მამედოვი-გირი, რაჯაბოვი-იფანი, საფარლი-ელიანოვი, კარუანა-ჰარიკრიშნა, მამედიაროვი-კარიაკინი ხვდებოდნენ, ყაიმით დასრულდა.

გთავაზობთ მეორე ტურის შეხვედრათა განრიგს:

გირი-კარიაკინი

ჰარიკრიშნა-მამედიაროვი

ელიანოვი-კარუანა

იფანი-საფარლი

მამედოვი-რაჯაბოვი

0.119272