საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ინგლისის ქალაქ ნოტინგემში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გააღწია და ოქროს მედლებისთვის უკრაინას შეერკინება.
ტრადიციულად, თავდაპირველად, მშვილდოსნებმა ძალები საკვალიფიკაციო ეტაპზე სცადეს, სადაც ქართველებს არცთუ კარგი შედეგები ჰქონდათ. ქრისტინე ესებუა 617 ქულით 26-ე ადგილზე გავიდა, იულია ლობჟანიძე 616 ქულით – 29-ეზე, ხოლო ხათუნა ნარიმანიძე 609 ქულით – 38-ეზე.
ჯამში, ქართულ სამეულს 1842 ქულა მოუგროვდა და მხოლოდ მე-12 პოზიცია ერგო, თანაც, ჩვენები პირველ ადგილზე გასულ რუსეთის გუნდს ზუსტად 100 ქულით ჩამორჩნენ.
თუმცა, პლეი-ოფში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. რუსები მეოთხედფინალში დიდ ბრიტანეთთან 0:6 განადგურდნენ, საქართველოს ნაკრებმა კი ზედიზედ 3 გამარჯვება იზეიმა და ფინალში გასვლა შესძლო.
ესებუამ, ლობჟანიძემ და ნარიმანიძემ მერვედფინალში ბელარუსი 5:4 დაამარცხეს, მეოთხედფინალში ამავე ანგარიშით თურქეთს სძლიეს, ნახევარფინალში კი რუსებს გამამწარებელ ბრიტანეთს 5:3 მოუგეს.
ოქროს მედლებისთვის ბრძოლა 29 მაისს გახლავთ დანიშნული და საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინა იქნება, რომელმაც გზიდან ესტონეთი (6:2), იტალია (6:0) და გერმანია (5:4) ჩამოიცილა. შესაბამისად, მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს დიდი ბრიტანეთი და გერმანია დაუპირისპირდებიან.
გუნდური ასპარეზობის პარალელურად სტარტი აიღო ინდივიდუალურმა ტურნირმა, სადაც ქართველ ქალთაგან მხოლოდ ნარმანიძეა შემორჩენილი. ხათუნა პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში ფრანგი ლაურა რუგიერი 7:1 დაამარცხა, დღეს კი, მე-3 რაუნდში უკრაინელ ანასტასია პავლოვას ეთამაშება.
საწყის წრეში ბრძოლისგან თავისუფალი იყვნენ ლობჟანიძე და ესებუაც, თუმცა, მათ პირველივე მატჩები წააგეს. იულია შვეიცარიელ ვალენტინ დე ჯიულისთან 4:6 დამარცხდა, ხოლო ქრისტინე თურქ აიბუკე აკტუნას ვერ გაუმკლავდა – 4:6.
გუშინ ევროპის ჩემპიონატში ვაჟებიც ჩაერთვნენ და საქართველოს ნაკრები ამ შემთხვევაშიც 3 სპორტსმენით იყო წარდგენილი. კვალიფიკაციაში ჯაბა მოსეშვილი 636 ქულით 42-ე ადგილზე გავიდა, ლაშა ფხაკაძე 624 ქულით – 65-ეზე, ხოლო ვლადიმერ დოლიძე 621 ქულით – 72-ეზე.
ჯამურად, ქართველ მშვილდოსნებს 1881 ქულა მოუგროვდათ, რაც მხოლოდ მე-19 პოზიციის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები გუნდური ასპარეზობის პლეი-ოფს მიღმა დარჩა, ინდივიდუალურში კი თავის გამოჩენა მხოლოდ ფხაკაძემ მოახერხა.
ლაშამ საწყის რაუნდში სლოვენიელ კლემენ სტრაიჰარს 7:1 მოუგო, შემდეგ კი ირლანდიელ მარტინ კანინგემსაც იგივე ანგარიშით გაუსწორდა. დღეს, მე-3 წრეში ქართველი მშვილდოსნის მეტოქე რუსი ალექსანდერ კოჟინი იქნება, რომელმაც კვალიფიკაციაში მე-16 შედეგი აჩვენა.
სასიხარულოა, რომ საწყისი ბარიერის დაძლევა მოახერხა მოსეშვილმაც, რომელმაც რუმინელ ანდრეი დანილას 6:5 ნოუგო, მე-2 რაუნდში კი ბელგიელ რობინ რამაეკერსთან 2:6 დამარცხდა. რაც შეეხება დოლიძეს, მან პირველივე შეხვედრაში ფრანგ მიკაელ სანასთან 0:6 წააგო.