ფიბა-ევროპამ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგო გამოამზეურა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი გაისად 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პერიოდში შედგება და მას ერთბაშად 4 ქვეყანა უმასპინლებს: რუმინეთი, ფინეთი, ისრაელი და თურქეთი.
ცხადია, ჩამოთვლილი ქვეყნები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ არიან დაშვებულნი, ისევე, როგორც 2015 წლის ევრობასკეტზე პირველიდან მეცხრე ადგილებზე გასული ნაკრებები: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია და ხორვატია.
საკვალიფიკაციო ციკლში 27 ქვეყანა ექვს ოთხგუნდიან და ერთ სამგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა და მათგან ევროპირველობაზე თამაშის უფლებას ჯგუფების გამარჯვებულები და ოთხიც საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მე-4 ევრობასკეტზე მოხვედრას ეცდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელსაც F ჯგუფში მეტოქეებად ჩერნოგორია და სლოვაკეთი და ალბანეთი ეყოლება.
საკვალიფიკაციო მატჩები სტარტს 31 აგვისტოს აიღებს, ხოლო რომელ ქვეყანაში მოუწევთ ქართველ კალათბურთელებს თამაში, ჯგუფის დაძლევის შემთხვევაში, მოგვიანებით გაირკვევა.