12 ქვეყნის 31 სპორტსმენს შესაძლოა ჩამოართვან რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება. ამის შესახებ საუბარია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (ვადა) მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც შეეხება ჯერ კიდევ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე აღებული სინჯების განმეორებითი ტესტირების შედეგებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით, ვადა-მ ამ დღეებში 454 სინჯი გადაამოწმა და ეჭვმიტანილთა სიაში უპირატესად სწორედ ის სპორტსმენები მოხვდნენ, რომლებსაც მოპოვებული აქვთ წლევანდელი თამაშების ლიცენზია. 31 შემთხვევაში დადასტურდა აკრძალული პრეპარატის გამოყენების ფაქტი, რასაც მომდევნო განხილვების შემდეგ სოკ-ისა და საერთაშორისო ფედერაციების ადეკვატური სანქციები უნდა მოჰყვეს.
სოკ-ი უკვე დაუკავშირდა შესაბამის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და გადაუგზავნა ვადა-ს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. ეჭვმიტანილ ქვეყნებს შორისაა რუსეთი. მეტიც, მხილებულ სპორტსმენთა თითქმის ნახევარი – 14 სპორტსმენი სწორედ რუსეთის წარმომადგენელია, მათ შორის 9 მძლეოსანი 2008 წლის ოლიმპიადის მედალოსანია.
სოკ-ის გადაწყვეტილებით, ასევე გადამოწმდება 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე აღებული 250 დოპინგ-სინჯი. ვადა-ს მიღებული აქვს დავალება, რომ საბოლოო დასკვნა რიოს ოლიმპიადის დაწყებამდე წარმოადგინოს. საინტერესოა, რომ პარალელურ რეჟიმში დოპინგ-ტესტს დაექვემდებარება იმ სპორტსმენთა სინჯები, რომლებმაც პეკინისა და ლონდონის თამაშებზე მაღალი ადგილები დაიკავეს და შესძლოა, დისკვალიფიცირებული მედალოსნების ნაცვლად, პრიზიორებად ისინი გამოაცხადონ.
ახლო მომავალში უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე იმ გამოკვლევების შედეგებიც, რომელსაც ვადა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით აწარმოებს. სოჭის ამბავი საერთაშორისო სპორტული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, ამერიკაში გადაბარგებული გრიგორი როდჩენკოვი და ინფორმატორი ვიტალი სტეფანოვი ღიად აცხადებენ, რომ რუსეთში მოქმედებდა სახელმწიფო დოპინგ-პროგრამა, რომლითაც სარგებლობდა ასამდე წამყვანი რუსი სპორტსმენი, მათ შორის – სოჭის თამაშების 15 მედალოსანი.
გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში როდჩენკოვი ამბობს, რომ ნაკრების წევრებს აძლევდა სამი აკრძალული პრეპარატის ნაზავს და ამის შესახებ საქმის კურსში იყვნენ თავად სპორტსმენებიც. როდჩენკოვი ასევე აღიარებს, რომ ლაბორატორიის კედელში საგანგებოდ გაკეთებული ხვრელის მეშვეობით ღამის საათებში, მალულად იცვლებოდა ოლიმპიადის რუსი პრიზიორების დოპინგ-სინჯები. ვადა-სთან ერთად, ამ საქმეს იძიებს აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო.
ამ დღეებში მეტად ყურადსაღები განცხადება გააკეთა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ რუს სპორტსმენებს, შესაძლოა, რიოს თამაშების წინ მეტად სერიოზული პრობლემები შეექმნათ:
"რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის სპორტსმენების მონაწილეობა დამოკიდებულია იმ გამოძიების შედეგებზე, რომელსაც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო "სოჭი-2014"-თან დაკავშირებით აწარმოებს.
თუ წარმოდგენილი იქნება უტყუარი მტკიცებულებები ორგანიზებული სახელმწიფო დოპინგ-პროგრამის არსებობის თაობაზე, რომელიც სპორტის ბევრ სახეობას ეხება, საერთაშოროსო სპორტულ ორგანიზაციებს და სოკ-ს მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურ და კოლექტიურ პასუხისმგებლობას შორის," - განაცხადა ბახმა.
www.geonoc.org.ge