27 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში სლოვაკეთს ეთამაშება. ისე მოხდა, რომ აქამდე სლოვაკეთი არასოდეს ყოფილა ჩვენებთან შესარჩევ ციკლში, ხოლო ამხანაგურ მატჩში ერთხელ გადაეყარნენ ერთმანეთს და ქართველებმა მოიგეს. ეს იყო 16 წლის წინ, კვიპროსის რვაგუნდიან ტურნირზე, როცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ორხელისუფლებიანობა იყო: აწ გარდაცვლილი დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ.
8 გუნდი მონაწილეობდა და სლოვაკეთი-საქართველო მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. თემურ ქეცბაიამ და მიხეილ ყაველაშვილმა ბოლოს გაიტანეს გოლები, რითაც 2:0 ვიმარჯვეთ. შემდეგ, ნახევარფინალში პენალტებში დავმარცხდით რუმინეთთან (1:1, პენ 2:4), ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში 2:1 დავამარცხეთ სომხეთი. რუმინელებთან გოლი ქეცბაიამ მიითვალა, ხოლო სომხებს ზაზა ჯანაშიამ და ზურაბ მენთეშაშვილმა გაუტანეს.
რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ამ ტურნირზე ყველა გუნდს აკლდა. ქართველებიც არ ყოფილან ოპტიმალური შემადგენლობით: მაგალითად, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე. სლოვაკებს არ ჰყავდათ ფორვარდი პეტერ დუბოვსკი, რომელიც ერთ დროს მადრიდის “რეალშიც” თამაშობდა. ასევე, საყრდენი მიროსლავ კარჰანი – ის სლოვაკთა რეკორდსმენია ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით (107 თამაში). დუბოვსკიზე ისიც ვთქვათ, რომ 2000 წლის ივნისში ტრაგიკულად დაიღუპა.
სლოვაკთა შორის ლარნაკაში ითამაშა მილოშ კრშკომ და ეს ფეხბურთელი მოგვიანებით თბილისის “დინამოს” მცველი გახდა.
ყიფიანისა და ძოძუაშვილის გუნდმა, შემადგენლობიდანაც შეატყობდით, შეტევაზე ორიენტირებული 5 ფეხბურთელით ითამაშა.
2.02. 2000. კვიპროსის საერთაშორისო ტურნირი. ლარნაკა
სლოვაკეთი-საქართველო 0:2
სლოვაკეთი: ჩენტოფალსკი, ჩიშოვსკი, ლერანტი, ჰლინკა, კრშკო, შუპკა (კლიმპლი 60), პეტრაში, ცინეგე, ბარჩიკი (მინტალი 80), ნემეტი (მესაროში 60), ვისკოჩი (ბაბნიჩი 60)
მწვრთნელი: იოჟეფ ადამეცი
საქართველო: გვარამაძე, შეყილაძე (ხიზანიშვილი 29), ნემსაძე, სილაგაძე, ჩიხრაძე, კვარაცხელია (სიჭინავა 38), ქეცბაია, ჯამარაული, ყაველაშვილი (ქემოკლიძე 89), ზაზა ჯანაშია (მენთეშაშვილი 55), შოთა არველაძე
მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი
გოლები: 0:1 ქეცბაია (83), 0:2 ყაველაშვილი (86)
მსაჯი: კოსტას თეოდოტუ (კვიპროსი)