ჭადრაკი

21:37 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2661) კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში დასრულებული ევროპის მე-17 ინდივიდუალური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, არადა, განთესვით მხოლოდ 26-ე გახლდათ.

აღნიშნული 11 ტურად გამართული ტურნირის ბოლო დღეს გახდა ცნობილი, როდესაც ჯობავამ თეთრი ფიგურებით ერთ-ერთი ფავორიტი, მე-2 განთესვის მქონე რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2722) დაამარცხა.

შედეგად, ბაადურმა უმაღლესი რეიტინგის (2735) მქონე დავიდ ნავარას (ჩეხეთი) და ფრანსისკო პონს ვალეხოს (ესპანეთი, 2700) დარად, 8.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მე-3 ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული რუსი ერნესტო ინარკიევი (2686) გახდა, რომელმაც ბოლო ტურში მისთვის სრულიად მისაღები ყაიმი გააფორმა და თავი 9.0 ქულას მოუყარა. ვერცხლის მედალი ლატვიელ იგორ კოვალენკოს (2644) ერგო, რომელსაც 8.5 ქულა მოუგროვდა.

ევროპის პირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, რომელთაგან სამმა 6.5 ქულა მოაგროვა. დამატებითი მაჩვენებლებით, მერაბ გაგუნაშვილი (2569) 52-ე ადგილზე გავიდა, ლევან ფანცულაია (2613) – 53-ეზე, ხოლო თორნიკე სანიკიძე (2537) – 65-ეზე. რაც შეეხება ზურაბ სტურუას (2548), მან 6.0 ქულით 87-ე პოზიცია დაიკავა.

0.134336