ფეხბურთი

21:56 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იაშკა" გააცილეს

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ალექსანდრე იაშვილი დიდი ფეხბურთიდან წავიდა. “იაშკა”, მდიდარი კარიერა მშობლიურ “დინამოში” დაასრულა, თანაც ოქროს მედლით.

ის, რაც დღეს “დინამო არენაზე” ხდებოდა, ნამდვილად სასიამოვნო სანახავი გახლდათ, უბრალოდ, ტრიბუნებზე შეკრებილნი ქომაგნი გაცილებით მეტის სურვილს ტოვებდა. ვფიქრობთ, ურიგო არ იქნებოდა, გულშემატკივარს 38 წლის იაშვილი მეტად დაეფასებინა და მისი თამაშის სანახავად ბოლოჯერ მისულიყო... თუმცა, რას იზამ – ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენი დღეს სწორედ ცარიელი ტრიბუნებია, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებთ.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, იურაი იარაბეკმა კაპიტანი მთელი სათამაშო დრო დატვირთა. იაშვილსაც ცდა არ დაუკლია, რომ კარიერის ბოლო მატჩში გოლი გაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა – ხან მეტოქე გუნდის კიპერმა არ გაატანინა, ხანაც სიზუსტე დააკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გოლი გავიდა და ისიც თამაშის ბოლოს, ვერ ვიტყვით, რომ ცუდი მატჩი გამოვიდა. მომენტები მრავლად იყო ორივე გუნდის კართან, თუმცა მეკარეები კარგად ირჯებოდნენ. ეს, განსაკუთრებით გიორგი ბეგაშვილზე ითქმის, ვინც პირველ და მეორე ტაიმებში საკმაოდ რთული ბურთები აიღო. “შუქურამ” ერთხელ ხარიხასაც მოარტყა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კი მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩის მოგება 89-ე წუთზე მოახერხა: ვახტანგ ჭანტურიშვილმა საქართველოს თასის ფინალის მსგავსად, აქაც ლამაზი და თან გამარჯვების გოლი შეაგდო. “დინამოს” შემტევმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ოდნავ შუაში შეიწია, დაარტყა და მეკარე ბურთს ვეღარ შესწვდა 1:0. ეს იყო და, შეხვედრაც დასრულდა. მერე იყო დაჯილდოვების ცერემონია, სადაც იაშვილმა თასი აღმართა... “დინამო” საქართველოს ჩემპიონი მეთექვსმეტედ გახდა და ახლა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს ჩართვა. როგორც მატჩის შემდეგ თბილისური გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თქვა, “დინამო” გაძლიერდება, თანაც საგრძნობლად. მართალია, ფიფიას ტრანფერებზე არ დაკონკრეტებულა, მაგრამ დაველოდოთ – არც ის დროა შორს, ყველაფერს რომ გავიგებთ, თუ ვინ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის უტიტულოვანეს გუნდს...

იაშვილმა კი 23 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა. თქვენი არ ვიცი და, ჩემი აზრით, ნამდვილად სამაგალითოა, როდესაც უცხოეთში მრავალწლიანი წარმატებული კარიერის მერე, იგი სამშბლოში დაბრუნდა და კარიერაც აქვე დაასრულა. მოგეხსენებათ, იაშკამ გასული სეზონის მეორე ნახევარი “სამტრედიაში” გაატარა, ხოლო ბოლო ერთი წელი მშობლიურ გუნდს მიუძღვნა. დიახ, ურიგო არ იქნებოდა, თუ კარიერის მიწურულს საქართველოში ბევრი ფეხბურთელი ჩამოვა და აქვე დასვამდა წერტილს. თუ რატომ, ვგონებ, ამაზე საუბარი ზედმეტია...

“დინამოში” ალექსანდრე იაშვილი თავდაპირველად 1993-1997 წლებში ირჯებოდა და 89 მატჩში 84 გოლიც გაიტანა, ხოლო წლეულს აღნიშნულ მონაგარს 33 თამაში და 5 გოლი შემატა. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 1996-2012 წლებში იცავდა – 67 მატჩი, 15 გოლი.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის გარეთ მიღწეულს: “ლიუბეკი”, “ფრაიბურგი”, “კარლსრუე”, “ბოხუმი” და ბაქოს “ინტერი” – იაშკა ზემოხსენებულ გუნდებში 1997-2014 წლებში თამაშობდა. საუკეთესო პერიოდი კი რაღა თქმა უნდა, “ფრაიბურგს” უკავშირდება, სადაც ფოლკერ ფინკეს ხელმძღვანელობით არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი გამართა – 2004 წელს გერმანიის ბუნდესლიგაში ჰეთ-თრიქიც აქვს შესრულებული. მთილიანობაში მან ბუნდესლიგაში 198 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 32 გოლი გაიტანა. მის კარიერაში II ბუნდესლიგის წლებიც მრავლად იყო... “ფრაის” მერე კი “კარლსრუეს” მიაშურა, სადაც გულშემატკივართა პატივისცემა და სიყვარული მალევე მოიპოვა, გუნდის კაპიტანიც გახლდათ, როგორც წელს, კარიერის ბოლო წელს, მშობლიურ “დინამოში”...

0.120461