მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო “იმპერატორის თასის” მფლობელი კარიერაში 37-ედ გახდა. აღნიშნული მაისის სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს გაირკვა, როდესაც “თეთრმა ფენიქსმა” თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის იორიკირით სძლია და ზედიზედ მე-14 გამარჯვება გაიფორმა, მისმა უახლოესმა მდევარმა ოძეკი კისენოსატომ კი მე-2 მარცხი განიცადა (იორიკირით, იოკოძუნა კაკურიუსთან).
სამწუხაროდ, უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვერ გადაურჩა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა 6 მოგების წილ მე-8 მარცხი (კატასუკაშით) დასავლეთის მე-8 მაეგაშირა მიტაკეუმისთან განიცადა. გაგამარუს დასკვნითი შერკინება დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ოსუნაარაშისთან ელის და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დაქვეითდება თუ – არა. ურთიერთშეხვედრებში ქართველი ეგვიპტელს 3:2-ს ამარცხებს.
ჯუღელისგან განსხვავებით, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ჩინებულად ირჯება ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი. დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სუმოისტმა 4 მარცხის წილ მე-10 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშიტრა დაიშომარუსთან იზეიმა. ტოჩინოშინს დასკვნითი დაპირისპირება დასავლეთის პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან ელის, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:4-ს უგებს.
ნაცუ ბაშოს მე-14 დღის ვიდეომიმოხილვა