ფეხბურთი

15:45 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ყველანაირად ვეცადე ამ ეტაპისთვის უძლიერესი შემადგენლობა შემეკრიბა"
ვაისმა კაკაბაძის “ხიმნასტიკში” გადასვლა დააანონსა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დღეს, სასტუმრო “ჰუალინგში” ჟურნალისტებს შეხვდა და მოახლოებული სამი ამხანაგური თამაშის წინ მათ კითხვებს უპასუხა. ვაისის, თქმით, ამ ეტაპზე ნაკრებში ყველა ის ფეხბურთელია გამოძახებული, რომელიც შესაბამის ფორმაში და ფიზიკურ კონდიციებშია.

გარდა ამისა, სლოვაკმა სპეციალისტმა საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა და დასძინა, რომ მისი მიზანი საქართველოს ნაკრებში უცვლელია – დადებითი შედეგის ჩვენება.

- როდის იკრიბება სრულად ეროვნული ნაკრები და კიდევ, ამჟამად გუნდში არაა რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც როგორც წესი, ნაკრების წევრები იყვნენ – რის გამო?

- პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ბოლო შეკრება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე. 24 მაისს მივემგზავრებით ავსტრიაში, სადაც სლოვაკეთის ნაკრებს ვეთამაშებით. მერე იქედან რუმინეთში. ბოლო ამხანაგურ თამაშს კი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ესპანეთთან გავმართავთ.

რაც შეეხება შემადგენლობას – მე ყველანაირად ვეცადე ამ ეტაპზე უძლიერესი შემადგენლობა გამომეძახებინა. ვნახავთ, როგორ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან ისინი.

დიდი იმედი მაქვს, დავიდ ჯიქია გადაწყვეტს, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. მინდა, რომ გიორგი ნავალოვსკის ნაკრებში კონკურენტი ჰყავდეს.

- ჯაბა ლიპარტია უკრაინაში თამაშობს და თუ არის თქვენი თვალთახედვის არეში?

- ეს ფეხბურთელი ჯერ ჩემთვის ნაცნობი არაა და ამიტომაც არ მოხდა მისი გამოძახება ამ დროისთვის. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ იმ ფეხბურთელებსაც ვაქცევ ყურადღებას, რომლებიც ადრეც თამაშობდნენ ნაკრებში. მე ვიყავი პოლონეთში, სადაც ვნახე ვლადიმეერ დვალიშვილის თამაში და ძალიან მომეწონა. თავდასხმაშიც გვჭირდება კონკურენცია, რადგან ლევან მჭედლიძეს “ემპოლიში” პრობლემები ჰქონდა და გიორგი ქვილითაიასაც “დინამოში”.

- როგორი იქნება ნაკრების ტაქტიკური სქემა ამჯერად?

- პირველ ყოვლისა მსურს, რომ პროგრესი იყოს ყაზახეთთან თამაშის შემდეგ და ბევრად უკეთესად ვითამაშოთ, მაგრამ იმ საღამოსაც იყო დადებითი. თუმცა, ამჯერად ბევრად ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით და ჭკვიანურად თამაში გვმართებს.

- ნაკრების დებიუტანტებზე რას იტყვით და თუ ჯიქიას პრობლემა ვერ მოგვარდა, აპირებთ თუ არა “ტორპედოს” მცველ გიორგი ქიმაძის გამოძახებას?

- მე ვნახე მისი თამაში, გათვალისწინებული მყავს, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა შანსი ცისკარიძეს მივცე. მას შეუძლია დაცვაში სამ პოზიციაზე ითამაშოს. ჩეხეთში თამაშობს “ტეპლიცეში” და ერთი წელია რაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

- ნაკრებში არაა გიორგი ლორია. ვინ იქნება მისი შემცველელი?

- ლორიას მიკროტრავმა აქვს და იმედია რამდენიმე კვირაში იქნება ფორმაში. რაც შეეხება სხვებს, ვარჯიშებზე დავაკვირდები და იმის მიხედვით გადავწყვეტ ვინ ითამშებს. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვარჯიშებზე კარგად თავის წარმოჩენა.

- მიეცემა თუ არა შანსი გიორგი მაკარიძეს, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია, თუმცა ნაკრებში კარგა ხანია აღარ უთამაშია...

- ვნახოთ, შევხედავთ. ახლა ამის გადაჭრით თქმა რთულია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძირითად შემადგენლობაში სამივე თამაშში ნუკრი რევიშვილი არ იქნება.

- არიან თუ არა საქართველოს ჩემპიონატიდან თქვენს ინტერესის სფეროში კიდევ სხვა ფეხბურთელები?

- ამ ეტაპზე სიმართლე გითხრათ, ძირითადად მხოლოდ “დინამოს” თამაშებს ვუყურებდი და შესაბამისად, მათი მოთამაშეები მომხვდნენ თვალში. ვფიქრობ, ვინც გამოვიძახე, ახლა მზად არიან ნაკრებში სათამაშოდ. თუმცა, მომავალში სხვებსაც დავაკვირდებით და ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ ნაკრებში მოხვედრას. აქვე მინდა გითხრათ, რომ სლოვაკეთთან მატჩში დაგვაკლდება გიორგი აბურჯანია, რომელიც სწორედ ამ თამაშის შემდეგ შემოგვიერთდება.

- გოგიტა გოგუას შესახებ რას ფიქრობთ?

- მე მას კარგად ვიცნობ, რადგან “სატურნში” ჩემთან თამაშობდა. იგი არის ჩვენი ყურადღების ცენტრში, თუმცა ამ ეტაპზე მისი გამოძახება საჭიროდ არ ჩავთვალეთ.

- რა არის ჩვენი ფეხბურთელების პლუსი და მინუსი, რომელიც გამოარჩევს მათ ევროპული ფეხბურთელებისგან და თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით ინოვაციებით, აპირებთ თუ არა, მათ დანერგვას საქართველოშიც?

- ქართული თამაში ყოველთვის იყო ტექნიკური, დინამიური. მინუსებს რაც შეეხება – ფიზიკური მომზადება არასდროს ყოფილა მაღალ დონეზე და ხშირად გოლებს ბოლო წუთებში ვუშვებდით. თუმცა, ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გყავდათ. საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მთავარია ეს მოედანზე გამოავლინონ. არიან ნიჭიერი მოთამაშეები, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, მჭედლიძე, ანანიძე – ყაზახეთთან თამაშის მერე ყაზაიშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ ნიჭი და შესაძლებლობა მოედანზე უნდა გამოავლინოს. ისე კი, კარგი იქნებოდა 20 ისეთი ფეხბურთელი მყავდეს, როგორებიც არიან ჯაბა კანკავა და გურამ კაშია – ასპროცენტიანი პროფესიონალები. ვიმუშავებთ და იმედია ყველაფერი კარგად გამოგვივა.

კაკაბაძე ახლა გადადის “ხიმნასტიკში”, რამდენადაც ვიცი ეს გადაწყვეტილია და ძალიან კარგი ამბავია.

საქართველოს ეროვნული გუნდი 24 მაისს შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება და ლინცთან ახლოს დაბინავდება. ვლადიმირ ვაისის შეგირდები 27 მაისს ქალაქ ველსში სლოვაკეთს გაეჯიბრებიან, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებენ ამხანაგურ მატჩს, 7 ივნისს კი მადრიდში ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებენ.

0.119125