რალის მსოფლიო ჩემპიონტის მეხუთე ეტაპზე, რომელიც პორტუგალიაში მიმდინარეობს, სერიოზული ინციდენტი მოხდა - ახალზელანდიელ ჰეიდონ პადონს მეხუთე სპეცმონაკვეთის მე-11.9 კილომეტრზე ავარია მოუვიდა, მისი „ჰიუნდაი“ გზის მიღმა არსებულ ფერდობზე ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ბედად პილოტმაც და მისმა ნავიგატორმა ჯონ კენარდმა სწრაფად ევაკუირება შეძლეს. მათი მანქანა ხუთ წუთში ჩაიფერფლა.
„სამწუხაროდ, გზაზე დიდ ორმოს გადავაწყდი. მასზე მანქანის მორიდება ვცადე, მაგრამ გზიდან გადავედით და ფერდობზე გადავყირავდით. იქ გახურებული გამოსაბოლქვი მილისგან ბუჩქებს ცეცხლი წაეკიდა, რამაც მანქანა გაანადგურა. მცირე შეცდმის ფასი ასეთი მძიმე გამოდგა“ყვება პადონი, რომელმაც წინა, არგენტინის ეტაპი მოიგო და ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მისი პირველი გამარჯვება იყო.
მალე იმავე ადგილზე, მსგავსი ინციდენტი ესტონელ ოტ ტაენაკსაც შეემთხვა. მისი „ფორდ ფიესტაც“ იმავე ადგილზე ჩაგორდა, თუმცა პილოტს და მის შტურმანს მაყურებელი დაეხმარა გახურებული გამოსაბოლქვის გაგრილებაში და მანქანა დაწვას გადაურჩა.
რბოლის ორგანიზატორებმა დაუყოვნებლივ გააუქმეს სპეცმონაკვეთი, რომელიც უკვე რამდენიმე ეკიპაჟს ჰქონდა გავლილი. მათგან მსგავსი პრობლემები იმავე ადგილას მადს ოსტბერგს და იარი-მატი ლატვალასაც შეექმნათ, რომლებმაც როგორღაც შეძლეს დათარსული მოსახვევის გავლა.







