მაისის სუპერტურნირის მე-13 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა მარცხი განიცადა და ეს, განსაკუთრებით საგანგაშო გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელისთვისაა, რომელსაც უარყოფით ბალანსამდე (მაკე-კოში) 1 წაგებაღა აშორებს.
აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა სადანოუმის გაეჯიბრა და 6 მოგების წილ მე-7 მარცხი (უვატედაშინაგეთი) შეემთხვა.
იოლი გამოსათვლელია, რომ წოდებაში დასაწინაურებლად, ქართველ გოლიათს დარჩენილი ორივე ბრძოლის მოგება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დაქვეითდება.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოს ბოლისწინა დღეს გაგამარუს პირისპირ დასავლეთის მე-8 მაეგაშირა მიტაკეუმი დადგება, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და უკვე 9 გამარჯვება აქვს.
სწორედ მისდარი ბალანსი (9 მოგება, 4 მარცხი) აქვს ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, რომელიც მაისის ტურნირზე გატეხილი ნეკნით ასპარეზობს, თუმცა, დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) ვადაზე ადრე გაინაღდა.
ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ამჯერად დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტოკუშორიუსთან იორიტაოშით დამარცხდა, შემდეგ ორთაბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა დაიშომარუსთან ჩაატარებს.
ტოკიოს სუპერტურნირის მოგების უმთავრეს კანდიდატად იოკოძუნა ჰაკუჰო იქცა, რომელმაც ლიდერთა ჯახში ოძეკი კისენოსატო შიტატენაგეთი დაამარცხა და ახლა, თავ ზედიზედ 13 გამარჯვებით იწონებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია