ევროპის მე-17 ინდივიდუალურ საჭადრაკო ჩემპიონატზე მოთამაშე ბაადურ ჯობავამ (2661) მე-7 ტურში პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერთა შორის ადგილის დაკარგვად დაუჯდა.
ჯობავამ შავი ფიგურებით ჩეხ დავიდ ნავარასთან (2735) წააგო, რისი წყალობითაც ამ უკანასკნელმა 6.0 ქულა მოაგროვა და რუს ერნესტო ინარკიევთან (2686) ერთად გალიდერდა.
რაც შეეხება ბაადურს, მას ერთბაშად 18 მოჭადრაკის დარად 5.0 ქულა აქვს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-9 ადგილზეა.
მე-8 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ცენტრალური ლიდერების – ნავარას და ინარკიევის პარტია იქნება, ჯობავა კი თეთრი ფიგურებით რუს ანტონ დემჩენკოს (2589) ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში მიმდინარე ევროპირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს. მათგან საუკეთესო შედეგი (4.5 ქულა) ლევან ფანცულაიას (2613) აქვს და ის 55-ე პოზიციაზეა.
4.0-4.0 ქულით, შესაბამისად, 72-ე და 74- ადგილები უკავიათ მერაბ გაგუნაშვილს (2569) და თორნიკე სანიკიძეს (2537), ხოლო ზურაბ სტურუა (2548) 3.5 ქულით, 240-მდე მონაწილეს შორის 120-ეზეა.