ფეხბურთი

11:54 | 20.05.2016 | ნანახია 3274 - ჯერ

მეფედ მოსული, ლეგენდად წასული...

ვეტერანი მეგოლე ზლატან იბრაჰიმოვიჩი “პარი სენ-ჟერმენის” გულშემატკივრებს დაემშვიდობა, მაგრამ ჯერ არ უთქვამს, რომელ კლუბში განაგრძობს კარიერას. ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 34 წლის შვედი მომდევნო სეზონიდან პარიზში აღარ იბურთავებს.

“პარკ დე ფრანსზე” მეფედ მოვედი და ლეგენდად მივდივარ”, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა და პარიზს ზედმეტი სენტიმენტებისა და წუხილის გარეშე გამოემშვიდობა. ზლატანს გულდასაწყვეტი არაფერი აქვს. უფრო მეტიც – პსჟ-ს ქომაგები უფრო წუხან შვედი ვარსკვლავის წასვლაზე, ვიდრე თავად ფეხბურთელი განიცდის ამას. იბრაჰიმოვიჩი “პარი სენ-ჟერმენის” ლეგენდაა, რომელიც კლუბის ისტორიის საუკეთესო ეპოქასთან ასოცირდება. პარიზში გატარებული 4 სეზონი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ “იბრაკადაბრა” კლუბის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო. პსჟ-ს გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ პაულეტა, ჯორკაეფი, ვეა, ბიანკი, რონალდინიო, ჟინოლა და სხვები, მაგრამ “პარკ დე ფრანსზე” ზლატანისხელა კვალი არავის დაუტოვებია.

იბრაჰიმოვიჩს კარიერის გაგრძელების არაერთი ვარიანტი აქვს. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ მისი აფიშირებისგან თავს იკავებს. და მაინც, საით წავა ზლატანი?

ინგლისი

მსურველები: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “არსენალი”

ფეხბურთის რიგითი გულშემატკივრისთვის, ყველაზე საინტერესო იქნება, თუ იბრაჰიმოვიჩი ნისლიან ალბიონზე თამაშს გადაწყვეტს. შვედი ბომბარდირი არაერთი კლუბის მაისურში გვინახავს გამოწყობილი, მაგრამ მისთვის პრემიერლიგა უცხოა. ზლატანის დღევანდელი კონდიცია საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მას უმაღლეს დონეზე რამდენიმე სეზონის ჩატარება კიდევ შეუძლია. ბრიტანეთში “იბრა” საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნება, რაც მას ყოველთვის სიამოვნებდა.

ევროპული მედიასაშუალებები შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სახელს “მანჩესტერს”, “ჩელსისა” და “არსენალს” უკავშირებენ. იბრაჰიმოვიჩი არსენ ვენგერის სათამაშო სტილის ფორვარდი არაა, მაგრამ “მეთოფეთა” რიგებში მესუთ იოზილისა და შვედის ტანდემი ურიგო არ იქნებოდა.

ტრავმების გამო, “ჩელსის” რიგებში დიეგო კოშტა ძალზე არასტაბილურია. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი ჯანმრთელიც რომ იყოს, სათამაშო კლასში იბრაჰიმოვიჩს აშკარად ჩამოუვარდება. ძნელად სავარაუდოა, ზლატანმა “ჩელსი” აირჩიოს, რადგან თითქმის 35 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე უარის თქმა ძნელია.

პრემიერლიგაზე არჩევანის შეჩერების შემთხვევაში, ყველაზე რეალურია, რომ იბრაჰიმოვიჩმა “იუნაიტედის” მაისური მოირგს. შვედი “ოლდ ტრაფორდზე” ცენტრფორვარდის პოზიციაზე თითქმის უკონკურენტო იქნება. კარიერის პიკზე არც უეინ რუნია და არც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ერთ გუნდში მათი ხილვა მაინც საინტერესო იქნება. ისიც უნდა ითქვას, რომ “მანჩესტერში” გადასვლის შემთხვევაში, ზლატანს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონი გაუცდება.

იტალია

მსურველები: “იუვენტუსი”, “მილანი”, “ნაპოლი”

იტალიის ჩემპიონატში ზლატანს საქმე ყოველთვის კარგად მისდიოდა და ამას ტიტულებიც თან ახლდა. შვედი განსაკუთრებულ სიყვარულს “მილანის” მიმართ გამოხატავდა, მაგრამ “სან სიროზე” მისი დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია. მილანელები დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის მიღმა არიან და ძნელი სათქმელია, როდის დაუბრუნდებიან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს.

მოგეხსენებათ, ადრეულ წლებში, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა, მაგრამ 2006 წლის ცნობილი სკანდალის გამო, შვედმა ტურინი დატოვა. ამ და კონკურენტ კლუბებში ასპარეზობის გამო, ტურინელმა ტიფოზებმა იბრაჰიმოვიჩი შეიძულეს და ვეჭვობთ, გული არც ახლა მოუბრუნდებათ. არადა, “ბებერი ქალბატონის” რიგებში ახალგაზრდა პაულო დიბალასა და გამოცდილი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოჩენა მეტოქისთვის თავზარდამცემი იქნებოდა...

აპენინური მედია ზლატანის სახელს “ნაპოლისაც” უკავშირებს, მაგრამ რამდენად რეალურია მხარეებს შორის გარიგება, ძნელი სათქმელია. ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძირითადად პერსპექტიულ ფეხბურთელებს ყიდულობს და აქცენტს მომავალზე აკეთებს.

ჩინეთი

მსურველი: “შანხაი შენხუა”

ნებისმიერი ჩინური კლუბი მზად იქნება იმისთვის, რომ იბრაჰიმოვიჩს ასტრონომიული თანხა შესთავაზოს და ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს. ჩინეთის ლიგაში არცთუ მაღალი საფეხბურთო დონეა და ზლატანი თუ მოინდომებს, იქ დიდხანს იმეფებს. თუკი “იბრა” ჩინეთს აირჩევს, ყველაზე რეალურია, რომ მან “შანხაი შენხუაში” ითამაშოს.

აშშ

მსურველები: “ლოს ანჯელეს გალაქსი”, “მაიამი”

დევიდ ბექჰემმა თქვა, რომ მზადაა, იბრაჰიმოვიჩს ნებისმიერი რაოდენობის თანხა გადაუხადოს და მას თავისი კლუბის მაისურა ჩააცვას. “მაიამიში” შვედს მზე, პლაჟი, კარგი ამინდი და კუმირის სახელი ელის, მაგრამ “ბექზის” კლუბი MLშ-ში წელიწადზე ადრე ვერ გადავა და შესაბამისად, ამ წინადადებით ფორვარდიც ნაკლებად დაინტერესდება.

თავის მხრივ, “ლოს ანჯელეს გალაქსი” უკვე MLშ-შია. თანაც, შვედს ურიგო კონტრაქტი არც იქ ექნება. ზლატანს ლოს ანჯელესში ისეთი ვარსკვლავები დახვდებიან, როგორებიც რობი კინი, სტივენ ჯერარდი და ეშლი კოული არიან. როგორც ამბობენ, ზლატანისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები სწორედ “ლოს ანჯელეს გალაქსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან. აშშ ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ არაა, იბრაჰიმოვიჩი კი, მივიწყებული მეფის სტატუსს ძნელად თუ შეეგუება..


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:49 | 20.05.2016
kelbo (7279)

როგორ მოხდა რო რეალს არ უკავშირებენ?
თან თავის კუმირ რონალდოს წრეს შეკრავდა და დაჟე გადაუჯოკრავდა - რონალდომ ხო მოიარა ბარსა, რეალი, ინტერი და მილანი. ამან კიდე მილანი, იუვე, ინტერი, ბარსა და პსჟ... მარა რონალდოს 4-ეულიდან რეალი დარჩა და...
ბენზემას ეს მკვდარიც აჯობებს და რონალდუსაც მოსდებდა ერთი-ორს ყბაში ის თუ რამე ჭიჭყინს დაუწყებდა

19:00 | 20.05.2016
BATIGOLI 9. (4375)

საინტერესო იქნებოდა ბებერი იბრა რეალში,საკითხავია რამდენად შეძლებდა სიტუაციის არევას

18:31 | 20.05.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ტყუილია ეს ყველაფერი.дანამдვილებით ვიცი სამშობლოში ბრუნдება дა ikea-ში იწყებს მუშაობას дურგლაд))))

18:06 | 20.05.2016
BATIGOLI 9. (4375)

ყველაზე ღადაობა ის არის,თვითონ რომ უწოდებს საკუთარ თავს ათასგვარ სლეობას!

17:48 | 20.05.2016
njanka (92)

არასდროს არ მომწონდა ეს გაბღენძილი, არც ადამიანად, არც ფეხბურთელად.. ბარსაში გადმოსვლაც არ მინდოდა თუ დამიჯერებთ და მითუმეტეს ამხელა თანხად.. მჯეროდა რომ ვერ შეეწყობოდა ბარსას.. და გაყიდეს იმაზე ძვირად ვიდრე ჩემი აზრით რეალურად ღირს.. ეხლა მაგის საბაზრო ფასი გაწი გამოწი 10 მილიონიც ძალიან ბევრია. მეფედ მივიდა არა ტოროლა.. პსჟ ს სჭირდებოდა გაპიარებული ვარსკვლავები, რომ სხვები მოეზიდა მოგვიანებით.. ეხლა უკვე მიმაჩნია, რომ თითქმის გრანდია და სერიოზული ფეხბურთელებისთვის პრესტიჟულიც გახდა.. ასე, რომ მართლა ,,იბრაგიმოვოვიჩი" ხარ, ობოლაძის თქმის არ იყოს..

14:31 | 20.05.2016
deqstera_best_7 (1964)

გაორებული შეგრძნება მაქვს, ერთი რომ მაგრად მინდა იბრაგიმოვიჩი მანჩესტერში რადგან ვიცი რო იბრა გუნდის დონეს უფრო მაღლა აწევს და მეორე ასევე ძალიან მინდა მარსიალი-რეშფორდი შეთამაშდნენ თავდასხმაში და მუდმივი პრაქტიკა არმოაკლდეთ, იბრას გადასვლის შემთხვევაში კი ცენტრში ვერცერთი ვეღარშევა...

14:40 | 20.05.2016
deqstera_best_7 (1964)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=u8mLlowe0E8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=u8mLlowe0E8':'https://www.youtube.com/watch?v=u8mLlowe0E8'))

ამ წყვილმა თუ ესე გააგრძელა და შეთამაშება მოახერხა, მართლა სასწაული იქნება...

სეზონის ბოლოსკენ მიეცა შანს მხოლოდ იმიტომ რომ დუბლებვის მთავარი ფორვარდიც კი ტრავმირებული იყო და გუნდს ფიზიკურად არყავდა სხვა ნომინალური თავდამსხმელი, ამ დროს 18 წლის რეშფორდმა ევროპალიგაზე სადებიუტო მატჩში დუბლი გაიფორმა, 3 დღეში პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი გამართა და არსენალთან ასევე დუბლი შეასრულა, გადამწყვეტი გოლი გაიტანა სიტისთან და ჯამში სულ 8 გოლი დაუგროვდა...
მასზე ორი წლით უფროსი მარსიალი კი რომელზეც ყველა ამბობდა ზედმეტი გადაიხადესო, საუკეთესოა გუნდში, არაინტერესებს გრანდს ეთამაშება თუ რომელიმე დაბალი ლიგის გუნდს ყველგან ერთი მონდომება აქვს, რაც მთავარია ყველასთან სტაბილურად და ძალიან კარგად თამაშობს...

14:26 | 20.05.2016
CR7NOLE (15561)

ნადირთმხეცია

13:24 | 20.05.2016
Chat shit get banged (1127)

ნუ აზიხარ ბიჭო დაკვერცხდება

13:23 | 20.05.2016
Chat shit get banged (1127)

კი ხვალაა ბოლო თამაში იბრასი

12:23 | 20.05.2016
INIESTAAA (303)

თუ იცით ვინმემ ხვალ ითამაშებს იბრა მარსელთან??

0.152105